2016 წლის 26 მაისს, რომში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბრამანტეს მიერ დაპროექტებული უნიკალურ „პალაცო დელა კანჩელერიაში" გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი და ოფიციალური მიღება.
კონცერტში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავი, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომელიც პარალელურად რომის ოპერაში მღერის დონიცეტის "ლინდა დინშამუნიში". მას აკომპანიმენტს უწევდა იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის მეუღლე, ეკა მეტრეველი. კონცერტზე, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, იტალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ბიზნესის, კულტურისა და სამეცნიერო წრეების, ასევე იტალიური პრესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გაჟღერდა ქართველი და იტალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის, არიები ოთარ თაქთაქიშვილის, ჯუზეპე ვერდის, დიმიტრი არაყიშვილის, ჯოაკინო როსინის, რევაზ ლაღიძისა და ფრანჩესკო ჩილეას ოპერებიდან.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, კახა სიხარულიძემ. კონცერტის შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ქართული კერძები და ღვინო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში , ასევე, გაიმართა თანამედროვე ქართული ხატების გამოფენა.