საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში (EU-GEORGIA-PAC) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში მოისმინა, რომელიც კომიტეტის წევრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ხულორდავამ წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებაზე, ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.
„ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა ყურადღებას უთმობს ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც საქართველოს დღის წესრიგშია“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი თქმით, არის გარკვეული თემები, რომელზეც დღის წესრიგში მუდმივად არის საუბარი და ეს ეხება საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმდინარეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებს.
დელეგაციის ხელმძღვანელის განმარტებით, 2018 წელს მიღებული იქნა ორი შემაჯამებელი დოკუმენტი. „ორივე მათგანი არის პოზიტიურად განმსჭვალული საქართველოს მიმართ. ევროპარლამენტი საქართველოსთვის პერსპექტივის გახსნის თემას მუდმივად აყენებს დღის წესრიგში. ეს საკითხი ასახული არის ანგარიშებში.
საქართველო გამოყოფილია როგორც სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში. ვიზალიბერალიზაციის მიმართ არის გამოთქმული მხარდამჭერი პოზიციები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ გაკეთებულია მოწოდებები, რომ ხელი შეგვიწყონ ამ პროცესში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი განმარტებით, 2018 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, სადაც სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა. მეორე განსაკუთრებულ თემად კი გარემოს დაცვის მიმართულება და საჯარო სამსახურის რეფორმა გამოიყო, რომელთან დაკავშირებითაც შესაბამისი მოხსენებები გაკეთდა.
„ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ჩვენი სასიცოცხლოდ პრიორიტეტული მიმართულებების მიმართ მხარდაჭერა, მუდმივად აისახება ანგარიშებში. შემაჯამებელ დოკუმენტში, ასევე არის მხარდაჭერა იმ პოზიციის მიმართ, რომელიც საქართველოს აქვს და რაც გულისხმობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. „ასოცირების კომიტეტი დადებითად აფასებს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა რეკომენდაციები თუ რაზე უნდა გააგრძელოს მუშაობა ქვეყანამ.
„განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა შრომის უფლებებზე, თანასწორობაზე, გარემოს დაცვაზე და სასამართლო რეფორმის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაზე. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა საქართველოს ხელისუფლების მიერ სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს დაწყებული პროცესი და დაასრულოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მომხსენებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ სხდომაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშიც წარადგინა.
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით საქართველოს დელეგაცია აქტიურად არის ჩართული ასამბლეის მუშაობაში. „საქართველო ჩანს როგორც წამყვანი ქვეყანა არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათა შორის, როგორც მთავარი პარტნიორი ქვეყანა“ - განაცხადა მომხსენებელმა. მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სტრუქტურაზე და ძირითად ძირითად საქმიანობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას აქვს ოთხი კომიტეტი და ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფი.
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მოიწონა 2018 წელს, საქართველოა მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც შეეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების გამოწვევებს და ევროკავშირის როლს კონფლიქტების დარეგულირებაში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი განმარტებით, ასევე, მიღებული იქნა სპეციალური რეზოლუცია ევროკავშირის ფინანსურ დახმარებებთან დაკავშირებით. „ევროპარლამენტში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, 2020 წლის შემდეგ რა ფორმით უნდა გამოიყოს ფინანსური დახმარებები და პროგრამები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.
როგორც თამარ ხულორდავამ განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ერთ-ერთი წარმატება იყო ასოცირებული ქვეყნებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იძლევა დიფერენცირების საშუალებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სხვადასხვა ამბიციით გამოირჩევიან. მათ სხვადასხვა დონეზე სურთ ევროკავშირთან ჩართულობა. ჩვენ სრულიად განსხვავებული მიზნები და ამოცანები გვაქვს და გვინდა, რომ ეს ცხადი იყოს ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მან მიმდინარე წელს დაგეგმილ სამუშაოებზეც ისაუბრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განმარტებით, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშების მოსმენას. „პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ინტენსიურად მართავს მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშების მოსმენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეწოდოს ინფორმაცია დელეგაციების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ექვსი მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში. ხვალ მოვისმენთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის ანგარიშს, ხოლო ზეგ, 25 აპრილს კი, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის ანგარიშს და საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.