logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა
- +

27 მაისი. 2016. 22:06


 

27 მაისს, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.


„ჯვაროსანთა" დღევანდელ მეტოქეს 2 დღეში გერმანიის ნაკრებთან აქვს სპარინგ-მატჩი გასამართი და გასაკვირი არ იყო, რომ ქართველთა წინააღმდეგ არაოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე დებიუტანტს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ წამყვან მოთამაშეთა უმრავლესობა მოედანზე იყო, სლოვაკეთის მეორე გუნდს ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირა.


პირველი გოლი მე-5 წუთზე გავიდა, როდესაც მცველთ შეცდომით ადამ ნემეცმა ისარგებლა და ბურთი ნუკრი რევიშვილის კარის დაბალ კუთხეში შეაგორა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობას ქართველები ფლობდნენ, თუმცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა იმდენად უჭირდათ, რომ რეალური სახიფათო მომენტი იან მუხას კართან ფაქტობრივად არ შეუქმნიათ.


შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველებმა გაცილებით დიდი ძალებით შეუტიეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა დაცვაში უყურადღებო თამაშისა და მეტოქისთვის თავისუფალი ზონების დატოვებამ შედეგი გამოიღო და 56-ე წუთზე ნემეცმა ზუსტი თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა. 70-ე წუთზე ნუკრი რევიშვილის კარის ბადეში ბურთი ადამ ზრელაკმა გაახვია, რასაც ზუსტად ერთ წუთში, ლევან ყენიას პრესტიჟის გოლი მოჰყვა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 1:3 დაფიქსირდა.


დღევანდელ მატჩში, საქართველოს ნაკრების დებიუტანტების, ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ჯაბა ჯიღაურის თამაშს ცოტა თუ შეაფასებს დადებითად. აშკარაა, რომ მათი სათამაშო კლასი სასურველს ჩამოუვარდება, თუმცა სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ. მათგან განსხვავებით, საუცხოოდ ჩაერთო თამაშში თბილისის „დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის ბომბარდიდი გიორგი ქვილითაია, რომელიც დღევანდელ მატჩში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა მოედანზე, ვიდრე პირველ ტაიმში ლევან მჭედლიძე.


რაც შეეხებათ საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ვაკო ყაზაიშვილი სასურველ ფორმაში არ არის, ოთარ კაკაბაძეს სითამამე აკლია, ნიკა კვეკვესკირს შეტევებში მეტად აქტიურობა მართებს, სანდრო კობახიძე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დაცვის ხაზი კი ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებს. თუმცა დადებითიც უნდა დავინახოთ - პირველ ტაიმში „ჯვაროსანთა" რიგებში გიორგი ნავალოვსკი და თორნიკე ოქრიაშვილი საუკეთესონი იყვნენ და გასაკვირი არ არის, რომ მატჩის ბოლო 1/3-ის წინ ისინი გადაიღალნენ. მინდორზე აქტიურად შემოვიდნენ ლევან ყენია, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია. ვფიქრობ, მათ მომავალში ვაისმა მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს.


საქართველოს ნაკრებმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნა, ვიდრე მისმა მეტოქემ (განსაკუთრებით მეორე ტაიმში), თუმცა სათამაშო კლასი არ ეყო იმისთვის, რომ მეტოქეზე მეტი გოლი გაეტანა. სამწუხაროა, როცა სათამაშო უპირატესობას ფლობ და მაინც მარცხდები, თანაც სლოვაკეთის სარეზერვო შემადგენლობასთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ჯერჯერობით სათანადო დრო არ მისცემია იმისთვის, რომ საკუთარი ხელწერა დაატყოს გუნდს. წინ კი რუმინეთისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებთან საინტერესო ამხანაგური მატჩები გველის.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (ჯაბა ჯიღაური 79'), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ლევან ყენია 46'), სანდრო კობახიძე (ალეკო ამისულაშვილი 46'), გიორგი ნავალოვსკი (ლაშა დვალი 66'), ლევან მჭედლიძე (გიორგი ქვილითაია 46').



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner