logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ლევან ჯიბღაშვილზე: გირაო არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულია
- +

24 აპრილი. 2019. 13:27

 

 

„ლევან ჯიბღაშვილს საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება, თუმცა, გირაო გამოიყენება მაშინ, როდესაც ეჭვმიტანილს არ შეუძლია, გამოძიების შემდგომ განვითარებაზე გავლენა მოახდინოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ როცა დანაშაული სახეზეა, ყველაფერი დამტკიცებულია და თვითონ ბრალი ვის მიმართაც არის წაყენებული, ყველაფერს აღიარებს, ხელს აწერს და არავისზე გავლენის საშუალებაც არ აქვს, ასეთ შემთხვევაში გირაო არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულია. მას საკმაოდ დიდი ზომის სასჯელი ემუქრება, თუმცა, გირაო ეს ის თემაა, როცა ეჭვმიტანილს არ შეუძლია, გამოძიების შემდგომ განვითარებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ვოლსკის თქმით, მაღალჩინოსნებთან გადაღებულ სურათებზე საუბარი სპეკულაციაა, რადგან ცნობილ მსახიობთან სურათი ბევრ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს გადაღებული.

 

მსახიობსა და ბიზნესმენს, ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner