logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნები ძალის დემონსტრირების პოლიტიკაა
- +

24 აპრილი. 2019. 15:59

 

 

„ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება პირველ რიგში, არის ძალის დემონსტრირების პოლიტიკა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

 

ციხელაშვილის თქმით, ეს არც სიახლეა, რადგან შარშან, წლის განმავლობაში 120-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სწავლება და მანევრი ჩატარდა.

 

„ამჯერად 3 000 სამხედროს მონაწილეობით ძალიან მასშტაბური წვრთნები ტარდება. ეს მიანიშნებს ორ რამეზე: ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად სამხედრო პოლიგონად იქცა წლების განმავლობაში და მეორე – ეს არის რუსეთის პოლიტიკა, თავად როგორც ამბობენ რეაქცია, საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ნატო-სთან დაახლოებას, რომელიც ხშირად ვამბობთ ხაზგასმით და კიდევ გავიმეორებთ, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ფაქტობრივად კუნთები ყოველ ჯერზე, სადაც გამოთიშულია ადამიანების ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ციხელაშვილის თქმით, საქართველოს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

 

„რაც შეეხება განცხადებებს, თითქოს ამ ფონზე საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამქრალია, ჩვენ დღეს გვაქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა. ის, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შავ ზღვაში გვსტუმრობს ამერიკული გემი, ეს ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. არაერთ რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რაც ხდება განგრძობითი ოკუპაციის სახით, არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა,. ეს არის მთელი ევროპული უსაფრთხოების პრობლემა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის მოგვარება, ოკუპაციის დაძლევა არის ევროპული უსაფრთხოების ინტერესი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ციხელაშვილის თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა ხმამაღალი, მკაფიო და ერთსულოვანია.

 

„ჩვენი ამოცანაა, ეს გადავთარგმნოთ მშვიდობიან ძალისხმევად დეოკუპაცისკენ, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისკენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner