„სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე სამხედრო ყოფნა გაამართლოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.
„ეს რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. ეს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. რუსეთი ამით მინსკის შეთანხმებების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს უგულებელყოფს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციამ წითელი ხაზები გადალახა და თავხედურად ძირს უთხრის დონბასში სამშვიდობო პროცესს“.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, არ დაუშვან ყველაზე ცუდი სცენარი, დაგმონ რუსეთის ხელისუფლების დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებები და გააძლიერონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.