ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, თუკი ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.
როგორც მდინარაძემ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა, უზენაეს სასამართლოში ახლო მომავალში მხოლოდ 7 მოსამართლე იქნება და დაახლოებით 5-6 ათასია საქმე, რომელთა განხილვასაც მოქალაქეები ელოდებიან.
„რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მოსამართლეების განმწესება საჭირო რაოდენობამდე მაინც, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეები განხილვა არ დამუხრუჭდეს და ადგილი არ ჰქონდეს კოლაფსს. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ კოლაფსი არ დავუშვათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მან აქვე დასძინა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები უპრეცედენტოა და უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების სრულად გამჭირვალე პროცედურებით არჩევას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ხვდებიან.