logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმება და ინტერესთა კონფლიქტზე რეკომენდაციები პროექტში ასახულია
- +

25 აპრილი. 2019. 13:22

 

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებას და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრას შეეხებოდა, საკანონმდებლო პროექტში ასახულია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

შეხვედრის მთავარი თემა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებია, რომელიც პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის ეტაპზეა.

 

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პირადად მისი პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესება მიზანშეწონილი იყო, მაგრამ რაკი განსხვავებული პოზიცია გამოხატეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ვენეციის კომისიამ, მათი რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

 

ოხანაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება, ის კონკურსში ვერც ერთ ეტაპზე ვერ მიიღებს მონაწილეობას და ყველა პროცედურიდან გამორიცხული იქნება.

 

რაც შეეხება რეკომენდაციას, რომელიც უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის ნაწილის 2020 წლის შემდგომ დაკომპლექტებას ეხება, ამასთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ წინასწარ გაწერილი არ არის თუ რამდენ მოსამართლეს დაამტკიცებს პარლამენტი.

 

„თუკი კარგი კანდიდატები იქნება წარმოდგენილი, შერჩევის პროცესს ვერ ჩავკეტავთ, მაგრამ ვუშვებ იმასაც, რომ უზენაეს სასამართლოში არსებული ვაკანსიების სრულად დაკომპლექტება რთული იქნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრისას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner