„ხურჩაში საპასუხო ცეცხლის გახსნა სერიოზულ კონფლიქტს მოიტანდა", - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ გადაცემა 2030-ში.
მისი თქმით, გამშვებ პუნქტთან პოსტი უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, მოწინააღმდეგეს რიდი და შიში ექნებოდა და ასე თავხედურად არ მოიქცეოდა.
არეშიძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, ხელისუფლების შეფასება ადეკვატური იყო.
„მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურის ქმედება, პრემიერის პოზიცია და მთლიანად ხელისუფლების შეფასება ადეკვატური იყო. ის, რისი რესურსიც ხელისუფლებას ჰქონდა, მაქსიმალურად გამოიყენა. შეიძლება, მაქსიმუმის გაკეთებას სხვა ნაბიჯებიც სჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამ გაკეთდა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი არ გამოვრიცხავს, მოსკოვმა გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემა მოინდომოს.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით კი, აშშ რუსეთის მადის შესაკავებლად უაღრესად სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ და თუ რუსეთის მხრიდან ბოლო დროს იძულებით გადადგმულ ნაბიჯებს გავითვალისწინებთ, არ გამოვრიცხავ, რუსეთმა გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემა მოინდომოს.მართალია, ამის შანსი მილიონში ერთია, მაგრამ შანსი არსებობს ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აუცილებელია.
„არ ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებები კამერების წინ უნდა გაიმართოს, მაგრამ რაღაც ფორმატი აუცილებლად უნდა არსებობდეს. იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდეს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის შეხვდები და როგორ დაელაპარაკები. მთავარია, გქონდეს გეგმა და იცოდე, რომ ამ გეგმიდან რაღაც გამოვა. დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალშრიან დიპლომატიას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ამისთვის სიტუაცია მომზადდება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.