logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი სამშვიდობო პოლიტიკის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
- +

25 აპრილი. 2019. 14:55

 

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერაც ჰქონდა. აქ კითხვის ნიშნები არ არის“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშთან – „კონფლიქტი საქართველოში“ დაკავშირებით განაცხადა.

 

ამასთან, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ფორმატში ეს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

 

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, თუ როგორ არის შესაძლებელი სამშვიდობო პოლიტიკის გამოყენებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვა ალტერნატივა პრაქტიკულად არ ჩანს და არც საერთაშორისო საზოგადოება არ უჭერს მხარს, გარდა მშვიდობიანი გზით ამ საკითხის დარეგულირებას. ჩვენ გვაქვს ხედვა და შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ“,-  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.

 

„ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და სულ უფრო მეტად იზრდება რუსეთის მხრიდან ხელოვნური ჩარევა, რაზეც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითონ აფხაზებსაც ძალიან სერიოზული პროტესტი აქვთ. ერთადერთი გზა მომავლისკენ არის ის, რასაც ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს ვთავაზობთ. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ეკონომიკური, სოციალური, ასევე საგანმანათლებლო და ბიზნესის კეთების შესაძლებლობების გაზიარება“,-  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, მათ შორის 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება. გამოთქვა წუხილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნისა და სამხედრო წვრთნების ზრდის ტენდენციაზე, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner