„აუცილებელია, კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს,“- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ დავითგარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, განსაკუთრებით სამწუხარო და ცუდია, როცა მსგავსი ფაქტები აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საზღვრის დელიმიტაციის აუცილებლობას, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.
„პრეზიდენტი იმყოფებოდა დავითგარეჯში ძეგლთა დაცვისა და „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის მათ დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი სრულად. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.