ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ასოციაციის წევრი ხდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.
„ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება“,- აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.