ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა „საქართველს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ლევან ბოძაშვილის განცხადებით, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ნაწილშიც ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოხატული წინადადებები და კრიტიკული შენიშვნები.
ბოძაშვილის თქმით, ის საკითხები, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა დადებითი მოსაზრებები და რომელსაც კომისიაც ეთანხმება ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არმონაწილეობის საკითხი.
„ასევე, დადებითადაა შეფასებული საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში ელექტრონული წარმოების შემოღებისა და მოსამართლეთა გამწესების საკითხები, რაზეც პრეზიდენტს თავიდანვე დადებითი მოსაზრებები ჰქონდა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც პრეზიდენტს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და რომელსაც ვენეციის კომისიაც იზიარებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა.
კომისიას მიაჩნია, რომ ეს ნორმა საკანონმდებლო პაკეტში არ უნდა იდოს.
ასევე კრიტიკული შენიშვნა აქვს ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხევდით, სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს ექვსზე ნაკლებ მოსამართლეს.
ვენეციის კომისიამ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ასევე, იმ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსმართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს განსახილველად გადასცეს.
ვენეციის კომისიამ დასკვნა ცვლილებათა პაკეტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მოამზდა", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დიდ მადლიერებას გამოხატავს ვენეციის კომისიის მიმართ, რომელმაც უპრეცედენტოდ შემჭიდროვებულ ვადებში წინასწარი მოსაზრებები წარმოადგინა და გამოაქვეყნა.