logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ლექცია - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ გაიმართა
- +

25 აპრილი. 2019. 19:48

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით,  გაიმართა ლექცია, თემაზე - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“. ლექცია ცნობილი ქართველი დიპლომატის ლევან მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა.

 

ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. მინისტრი მიესალმა ლევან მიქელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ჩატარების ინიციატივას და აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ასევე, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ქართველი დიპლომატი და ლევან მიქელაძის მიერ ქართულ დიპლომატიაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

 

„მინდა, დღეს კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული პატივით და ღირსებით მოვიგონო ჩვენი კოლეგა, მეგობარი, ლევან მიქელაძე. 10 წელი გადის მისი გარდაცვალებიდან. ის ძალიან აკლია  ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდია მისი ღვაწლი, რომელიც, მას აქვს ქვეყნის წინაშე. სწორედ მისი დიპლომატიური სამსახურის პირველ წლებში იდგმებოდა ის ნაბიჯები, რომელიც, იყო და არის დაკავშირებული ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციასთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის შეფასებით, ლევან მიქელაძის ხელმძღვანელობით საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე:

 

„ის მოლაპარაკებები რომელსაც ლევანი უძღვებოდა ეუთოში, ვენაში, რაც დაკავშირებული იყო საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის პროცესთან და რომელიც დაგვირგვინდა 1999 სტამბოლში ეუთო-ს სამიტზე გაფორმებული შეთანხმებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,  რომელმაც შემდგომ განსაკუთრებული როლი ითამაშა,  საქართველოსთვის  ევროპული სტრუქტურებისკენ გზის გახსნაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, ქვეყნის მთავარი მიზნის - ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ერთიანობა:

 

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ამ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება, რადგანაც, ქვეყნის ყველა პოლიტიკური,  საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო ორგანიზაცია, უნდა იყოს ერთიანი ამ საკითხის მიმართ, რაც  ეხმარება ხელისუფლებას გადადგას კიდევ უფრო თამამი ნაბიჯი იმ მთავარი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

აღნიშნული ღონისძიება  გამოჩენილი დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის პირველი სახელობითი ლექციაა, რომელიც მომავალში ყოველწლიურად ჩატარდება.

პირველი ლექცია წაიკითხა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ.

 

ლექციის ფარგლებში ლევან დოლიძემ ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა და  ყურადღება გაამახვილა ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

 

ლექციას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის წევრები, ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები და მეგობრები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner