ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გავრცელდა ინფომრაცია, რომ დავითგარეჯში თითქოს ქედის თავზე არსებულ ბილიკზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს მისასვლელი გზა. ზოგადი ვითარება კი შემდეგია - სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 1995 წლიდან. საზღვრის პერიმეტრიდან მხარეთა სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 2/3), მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარჩენილი სეგმენტების შეთანხმების მიზნით, რის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი იურიდიულად არ არის გაფორმებული.
როგოც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად ხორციელდება შესაბამისი ერთობლივი კომისიის შემადგენლობის განახლების პროცესი ორივე ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო. ეს პროცესი პარალელურად უნდა დასრულდეს ორივე ქვეყანაში, რათა დაცულ იქნეს კომისიის ძირითადი შემადგენლობის ანალოგია/იდენტურობა. რელიგიური დღესასწაულების კვირეულში მსგავს შემთხვევებს ადგილი არა ერთხელ ჰქონია. ამ სიტუაციაში კი, მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან და დაველოდოთ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.