„სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიღებული შედეგების წინა წლების შედეგებთან შედარება არასწორია", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა გადაცემა 2030-ში.
მისი თქმით, წელს გამოცდებზე გასული მოსწავლეების რაოდენობა გაცილებით დიდია. „წლიდან წლამდე შედეგები იცვლება და მაგალითად, 2011 წელს გაცილებით ცუდი შედეგები გვქონდა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
მისი თქმით, 2015 წელთან შედარებით, წელს დავალებათა მხოლოდ 10% იყო ახალი.
„დავალებათა ბანკი ბლოკებად არის დაყოფილი, გვაქვს უმარტივესი, მარტივი, საშუალო, ოდნავ უფრო რთული და რთული დავალებები. იმისთვის, რომ მოსწავლემ მიზერული ბარიერი გადალახოს, 40-დან 15 უმარტივესი დავალება უნდა შეასრულოს, რასაც ბარიერსაც არ დავარქმევდი", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამოცდებზე ჩაჭრილი მე-12 კლასელები მე-11 კლასელების გამოცდებზე ხელახლა ვერ გავლენ.
„მე-11 კლასელები სულ სხვა საგნებს აბარებენ და არა იმ გამოცდებს, რასაც - მე-12 კლასელები. გარდა ამისა, თუ მოსწავლეს მაისის ბოლოს მინიმალური ზღვარის გადალახვა გაუჭირდა, შეუძლებელია, 10 ივნისისთვის მოემზადოს", - განაცხადა მიმინოშვილმა.
მისი თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სერიოზული სიახლეები იგეგმება.
„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სერიოზულ სიახლეებს ვგეგმავთ. გამოცდების ჩატარებას ნაწილობრივ, ელექტრონული ფორმით ვაპირებთ. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და აპრობაციაში მონაწილე 2000-მდე აბიტურიენტისთვის, რადგან ისინი ჩვენთან ერთად კარგ რეპეტიციას გაივლიან. ერთ საგამოცდო ცენტრში დაგეგმილი გვაქვს სრულყოფილი საგამოცდო პროცესის წარმართვა და ყველა იმ დეტალის შემოწმება, რომელიც ივლისში უნდა განვახორციელოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი მთლიანად ელექტრონულ ფორმაზე გადასვლაა, მაგრამ ეს 2-3 წელიწადში ვერ მოხდება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.