გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დრომდე ხეობაში 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ძირითადად დამწვარია 5 ჰექტარ ფართობზე მეტი ტყის ქვედა საფარი - ბალახი და ჯუჯა ხე-მცენარეები.
„ადგილზე ამ დრომდე მუშაობს ცოცხალი ძალა, 80 მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო ვერ მოხერხდა ტექნიკის შეყვანა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ხანძარი გუდამაყრის ხეობაში გუშინ გაჩნდა. გვიან ღამით, ხანძრის ადგილზე დამატებითი ქვეითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო.