საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაასრულა. საბჭოს შესარჩევი კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და შესულ აპლიკაციებს განიხილავს.
სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ვაკანსია 100-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო როგორც საქართველოდან, ისე – უცხოეთიდან.
საბჭოს შესარჩევ კომისიაში შვიდი წევრია – ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები; პარლამენტის წარმომადგენლები – აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ლალაზაშვილი.
„დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონის მიხედვით, შესარჩევმა კომისიამ თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ ორი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს.
„საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შესარჩევი კომისია არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით“, - წერია დოკუმენტში.
ამავე კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო ხუთი წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს და მათ ხუთი წლის ვადით პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
„საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუალური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.