ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თავად ჟვანიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ 1 მაისიდან იგი კვლავ საპატრიარქოს ფონდს დაუბრუნდება.
მედიაში აქტიურად მსჯელობენ, თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თანამდებობას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ჟვანიას შემცვლელი ვასილ მაღლაფერიძე იქნება. თუმცა, თავად მაღლაფერიძე აღნიშულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ცნობისთვის! ჟურნალისტის მიერ სრულიად უნიადაგო და უკიდეგანო ფანტაზიის სფეროდან დასმულ სატელეფონო შეკითხვას, ვინიშნები თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, მე ვუპასუხე არა ერთი სიტყვით – „რასაკვირველია“, როგორც ამას ინფორმაციებში წერენ, არამედ ორი სიტყვით – „რა საკვირველია“, ანუ რაფრა გამაკვირვეთ-მეთქი. დღეს ვკითხულობ, რომ კანდიდატად განვიხილები“, - წერს მაღლაფერიძე.