ავტორი ბაჩო ტურაშვილი
25 აპრილს მწერალთა სახლის საკონფერენციო დარბაზში გამოჩენილი ჟურნალისტისა და აწ უკვე პოეტად შემდგარი მელორ სტურუას ლექსების კრებულის „ქართული გულის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალისტი, როგორც პოეტი, ლექსების კრებულით პირველად წარსდგა ქართველი საზოგადოების წინაშე.
მწერალთა სახლში წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამოჩენილი პოეტები და მწერლები - რეზო ამაშუკელი, ვალერი ასათიანი, ლაშა თაბუკაშვილი, ერეკლე საღლიანი და სხვები.
„მელორ სტურუას ყველა იცნობს როგორც გამოჩენილ ჟურნალისტს და ზოგადად, როგორც ჟურნალისტიკის მეტრს, უამრავი წიგნის ავტორს, მაგრამ მას არ იცნობენ როგორც პოეტს. სწორედ დღეს შედგა ბატონ მელორის წიგნის - „ქართული გულის“ პრეზენტაცია. მოხარულები ვართ და ძალიან სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ქართველი საზოგადოება მელორ სტურუას გაიცნობს როგორც შესანიშნავ პოეტს“, - განაცხადა ასოციაცია „კულტურათა დიალოგის პრეზიდენტმა“ ვალერი ასათიანმა.
„მელორ სტურუას პუბლიცისტიკაზე, წერილებზე ვიზრდებოდით. ის, რომ სტურუა პოეტური ნიჭით იყო დაჯილდოვებული, მისსავე წერილებშიც ჩანდა, მაგრამ რაც მე წიგნში ვნახე, ამას არ ველოდი, ის არამარტო ჟურნალისტი, არამედ ნაღდი პოეტია“, - განაცხადა პოეტმა ერეკლე საღლიანმა.
„სტურუა, ეს არის მსოფლიო დონის ჟურნალისტიკის კლასიკოსი და ვურჩევდი ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რასაკვირველია, იმათ, ვისაც მე პატივს ვცემ, მოიძიონ და წაიკითხონ მელორის სტატიები. მელორი - ეს არის ნამდვილი ჟურნალისტი და არაჩვეულებრივი პოეტი“, - განაცხადა პოეტმა რეზო ამაშუკელმა.
პრეზენტაციაზე სტურუას შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო, რომელიც ჟურნალისტის ცხოვრებას კადრებში ასახავს.
მელორ სტურუა თბილისში1928 წლის 10 აპრილს დაიბადა, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტი საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა. მელორ სტურუამ ამ წლების განმავლობაში თავისი სამშობლოს - საქართველოსადმი სიყვარული და ნოსტალგია ლექსებში ჩააქსოვა.