logo_geo
eng_logo
დიდი პარასკევი მძიმე დღეა - პატრიარქი სამების ტაძარში გარდამოხსნის წესს ასრულებს
- +

26 აპრილი. 2019. 15:28

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ასრულებს. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

 

დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

 

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

 

მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - „საფლავი“, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.

 

გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, მას ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

 

საგალობელს, რომელიც საქართველოს ეკლესიებში წითელ პარასკევს იგალობება, ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. ის უკვე 30 წელზე მეტია, რაც ტაძარშია და ერთადერთია, რომელიც მაცხოვრის დატირებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გალობს.

 

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner