კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, წინასააღდგომოდ, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონსა და ზესტაფონში, დღის ცენტრ „ცხოვრების მეგზურში“, საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა.
სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს „ჩვენი თეატრის“ მენტორები ეწვივნენ და 2-საათიანი ვორკშოპი გასართობი პროგრამის თანხლებით ჩაუტარეს.
სპეციალურად სააღდგომო თემატიკასთან ასოცირებული სხვადასხვა ფიგურა ბავშვებმა, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან, აღმზრდელებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოხატეს და გააფერადეს.
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ბავშვებს, კომპანია „მოროზპროდუქტი ჯორჯიას“ პროდუქცია, კომპანიის დამფუძნებელთან ერთად გადასცა.
„ჯორჯინ მანგანეზმა“ ბავშვებს სააღდგომო პასკის ნამცხვარი, კვერცხები და სხვა ტკბილეული და პროდუქტი ჩაუტანა.
ვასილ გველესიანი, ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის დირექტორი: „ცხოვრების მეგზური“ საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა. რაც ვმუშაობ ფეროშენადნობთა ქარხანაში, მახსოვს, რომ აღნიშნული დღის ცენტრი ბავშვებზე ზრუნავს. წლების განმავლობაში ფეროშენადნობთა ქარხანა ამ ახალგაზრდებს, ბავშვებს, ხელმოკლე ოჯახის წარმომადგენლებს ხელს უმართავს.
მივესალმები ინიციატივას, რომელიც ანუკი არეშიძემ გამოიჩინა, 3-4 კვირაა, ბავშვები მათი დაფინანსებით და ხელშეწყობით, სწავლობენ თექას, სამკერვალო საქმეს და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც თითოეულ მათგანს ცხოვრებაში გამოადგება.
მიხარია, რომ კომპანია „მოროზპროდუქტმა“ ბავშვებს საჩუქრები - მრავალი სახეობის პროდუქტი ჩამოუტანა“.
ჯამბულ ყიფშიძე, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორი: „ბავშვებს აქვთ ყველაფერი, მაგრამ აკლიათ ადამიანებთან ურთიერთობა. არის ეს პრობლემა, რადგან პანსიონია და, ძირითადად, ჩაკეტილ სივრცეში უწევთ ცხოვრება. ნებისმიერი სტუმრის შემობრძანება ჩვენს სკოლაში მართლაც დღესასწაულია.
ქალბატონი ანუკი არეშიძე მზრუნველ ხელს და ყურადღებას არ აკლებს სკოლის აღსაზრდელებს, ყველა რელიგიურ დღესასწაულს ულამაზებს ჩვენს ბავშვებს. გამორჩული იყო საახალწლო ღონისძიება, როდესაც კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ჩვენს ბავშვებს.
რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, აღნიშნული კომპანია ჩვენს სკოლასთან უკვე 10 წელია, თანამშრომლობს და არაერთი სასიკეთო პროექტი განახორციელეს, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორს, აკაკი გურჯიძეს“.
რუსუდან მუმლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურის“ პრეზიდენტი: „მიხარია, რომ დღეს სააღდგომო აქცია ჩატარდა, სტუმრად ჩამოვიდა დიზაინერი ანუკი არეშიძე, თანამშრომლებთან და კოლეგებთან ერთად, ასევე, კომპანია „მოროზპროდუქტის“ წარმომადგენლები, რომლებმაც წინასააღდგომო სიხარული და ბედნიერება აჩუქეს ჩვენს ბავშვებს, ჩამოუტანეს საჩუქრები, სამუშაო ხელსაწყოები, სამუშაო მასალა, რომლითაც ბავშვებმა შემდგომ უნდა შექმნან პროდუქცია და 1 ივნისს გამოფენა-გაყიდვა მოეწყოს.
ჩვენი ორგანიზაცია 20 წელია არსებობს, 20 წლის მანძილზე ამ ბავშვებთან საწარმოო-შემეცნებით პროგრამებს ვახორციელებთ, რამდენიმე გრანტის მფლობელიც ვართ, მაგრამ ორი თვის წინ, ქალბატონი ანუკი არეშიძის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა სრულიად ახალი მიმართულება ჩვენი ბავშვებისათვის... იმის გარდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, ბავშვები ქსოვას და კერვას სწავლობენ, დაემატა თექა და ფერწერა, ასევე სხვადასხვა ნაკეთობის შექმნა...
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ბავშვების შემეცნებითი განვითარებისთვის. ისინი ეუფლებიან ისეთ პროფესიებს, რაც მომავალში გამოადგებათ, მათ ელემენტარულ საარსებო წყაროს მისცემს და მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს თვითონ ამ ბავშვებს“.
ვიქტორია ბიკოვა, ბელარუსული კომპანია „მაროზპროდუქტის“ საქართველოს ფილიალის დირექტორი: „გვინდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ ეს ბავშვები ცოტა ბედნიერები იყვნენ. უცხო ბავშვები არ არსებობენ. ყველა ბავშვი ჩვენია.
ნაყინი უყვარს ყველას - უფროსებსაც და ბავშვებსაც, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სააღდგომოდ ბავშვები გაგვეხარებინა.
ჩვენი კომპანია ამ პროექტში საქართველოში ბელორუსიის საელჩოს მხარდაჭერით ჩაერთო. მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ მხარეებს, ნამდვილად სასიკეთო საქმე გავაკეთეთ დღეს“.