logo_geo
eng_logo
პროკურორი: უკრაინის მოქალაქეს ბრალი არასრულწლოვნებით ვაჭრობისთვის წარედგინა, რაც 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
- +

27 აპრილი. 2019. 15:55

 

პროკურატურა არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა თეა გიორგაძემ განაცხადა, ვინაიდან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს ბრალდების მხარე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

 

„იულია სუსლიაკს ბრალი არასრულწლოვანებით ვაჭრობისთვის წარედგინა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულია. მუხლი 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით ბრალდების მხარეს მიმართული აქვს სასამართლოსთვის, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - განაცხადა თეა გიორგაძემ.

 

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

 

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

 

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

 

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner