ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას, რომელიც 2014 წელს შეიქმნა ევროპის შუაგულში, ბრიუსელში, ახალი საკათედრო ტაძარი გადაეცა. ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულება. მე-19 საუკუნის ნაგებობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ეპარქიამ უსასყიდლოდ მიიღო. დოკუმენტაციის მზადება დასკვნით ეტაპზეა. ცვლილებები შეთანხმებაში აღარ შევა და ძალიან მალე ბრიუსელში საზეიმო ხელმოწერაც შედგება.
„ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა-კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორასიმ", - თქვა ეპისკოპოსმა დოსითეოსიმ "იმედის კვირასთან".
ტაძარი უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ ეპარქიას მისი შენახვის ხარჯების საკუთარ თავზე აღება მოუწევს, რაც ტაძრის მასშტაბიდან გამომდინარე მცირე თანხა არ არის, ამიტომ ეპარქიას შემოწირულობის იმედი აქვს. მეუფემ მიიღო ასევე თანხმობა ტაძრის მართლმადიდებლურ ყაიდაზე გადაკეთების შესახებ.
სააღდგომო სამზადისთან ერთად, მეუფემ „იმედის კვირასთან“ საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებლებზე და ბოლო პერიოდში მათი რიცხვის ზრდაზე ისაუბრა. ეკლესიას დახმარებისთვის ბრიუსელში ან სხვა ევროპულ ქალაქში თავშესაფრის საძიებლად ჩამოსული სულ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე მიმართავს. ბევრ ოჯახს მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებით საკვები და ღამის გასათევი არ აქვს.
მეუფე დოსითეოსის თქმით, ეკლესიისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ჩვენი შვილები არიან.
„ადამიანები უბრალოდ უკეთესის ძიებაში არიან, ყველა რესურს გაიღებენ და აღმოჩნდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს. სურვილიც გვქონდა ეს გაეგოთ ადამიანებს, მოესმინათ ჩვენი სიტყვა, რომ ეს ასე მარტივი არაა. ჯანმრთელობის პრობლემებით ერთი პერიოდი იბარებდნენ, ახლა აღარც ამ მიზეზით იბარებენ. ზოგჯერ სიცხიანი ბავშვით მოსულან და მთელი ღამე მოძრაობაში ვყოფილვართ. ექიმს ასე ვერ მოიყვან. თუ გაჭირდა სასწრაფოს დაუძახებ, მაგრამ ესეც არ უნდა ზოგჯერ. რა ვიცი. ვეხმარებით ისე, როგორც შეგვიძლია", - თქვა მეუფემ.
ბრიუსელში სააღდგომო ლიტურგია ახალ საკათედრო ტაძარში რამდენიმე საათს გაგრძელდა. სადღესასწაულო წირვა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა აღავლინა. გალობა ქართულ ენაზე თბილისიდან ჩამოსული სასულიერო პირებისა და ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით შესრულდა.