შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს. უწყების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
კანონის ამ მუხლში აღნიშნულია, რომ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
გამოცემა „ეურასია დეილის“ ინფორმაციით, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ინტერნეტგამოცემა „ობოზრივატელი“ წერს, რომ კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი.