„ყველა კითხვაზე პასუხი ამ ეტაპამდე არ მაქვს და ჩემი ინფორმირებულობის დონე ჯერ არ არის საკმარისი, რომ ზუსტად ვიყო დარწმუნებული, რა მოხდა პანკისში“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს პანკისში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია.
„ბევრი რამ არის გასარკვევი პანკისთან დაკავშირებით, ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. რამდენად არის პირველი ეკონომიკის სამინისტრო, ვინც უნდა იყოს ამ მოლაპარაკებებში ჩართული, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრია ჯერ კიდევ გამოსარკვევი იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები ამაზე მუშაობენ, აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც არის აუცილებელი. შემდეგი ნაბიჯები უკვე სახელმწიფოსგან დაიგეგმება შესაბამისად. ამ ეტაპზე, მაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ყველა კითხვაზე პასუხი ამ ეტაპამდე არ მაქვს, რადგან ჯერ კიდევ გასარკვევია, ზუსტად რა მოხდა. როგორც ვიცი, ამ თემაზე მუშაობენ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პირველი ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, რადგან ის უშუალოდ არის ჩართული საკითხში.