logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში დევნილთა მდგომარეობას გაეცნო
- +

29 აპრილი. 2019. 17:21

 

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე დღეს წეროვანს ეწვია, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, ასევე სკოლა დაათვალიერა.

 

ლილიან მორი პასკიე წეროვანში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

წეროვანში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დევნილთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაინტერესდა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობით, რას აკეთებს მათთვის სახელმწიფო, ვიდრე დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, როგორია განსახლების, ასევე დასაქმების პროგრამები. ჩვენ გავაცანით პრობლემები, რაც სახელმწიფოს აქვს, რომ დევნილები ღირსეულად ცხოვრებდნენ, სანამ თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს მუშაობა დევნილთა მიმართულებით“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

 

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ სოციალურ პრობლემების მოგვარების გზებზე.

 

„ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რომელიც დაინტერესდა დევნილთა სოციალური მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო პირობებით, ინტეგრაციის საკითხით“, - აღნიშნა ნუგზარ თინიკაშვილმა.

 

მისი თქმით, ლილიან მორი პასკიე ასევე დაინტერესდა როგორია ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით.

 

„ყველა საკითხზე მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე ვუპასუხეთ კითხვებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო ასეთი ინტერესით ეკიდება დევნილთა პრობლემებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხს. იმედს ვიტოვებთ, უმოკლეს დროში საერთაშორისო ძალისხმევით მოხდება დეოკუპაცია და დავბრუნდებით ჩვენს მშობლიურ რაიონებსა და სოფლებში“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

 

ლილიან მორი პასკიე საქართველოს გუშინ ეწვია. ის დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ პასკიე წეროვანში გაემგზავრა, წეროვანიდან კი სოფელ ოძისში ჩავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner