საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაზე, უკანონოდ აგროვებდა მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდგომ გადასცემდა დაინტერესებულ პირს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.