საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისში დღეს საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინფორმაციით, ღონისძიებას ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი, აგრეთვე, ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი დაესწრებიან. ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობა, ასევე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სხვა პირები.
დღევანდელი ბიზნესფორუმი რიგით მეოცე იქნება, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით იმართება. ისრაელის დელეგაცია სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს გუშინ ეწვია. მის შემადგენლობაში არიან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოსთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ და დაინტერესებული არიან ქვეყნის ბიზნესკლიმატის გაცნობითა და ინვესტირებით. დელეგაციაში შედიან უმაღლესი ტექნოლოგიების, სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვებითი მრეწველობის წარმომადგენლები.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის ბიზნესსა და პოტენციურ ინვესტორებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახლა მნიშვნელოვანია, მათ მოისმინონ ინფორმაცია ბიზნესგარემოს შესახებ და მიიღონ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.
ამასთან, ისრაელის დელეგაცია პირველ მაისს მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის თეატრში დაგეგმილ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც „ისრაელის სახლისა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით ჩატარდება.