„ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრა თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ არ მოისურვა და ჩვენთან პრეტენზიებს სჯობს, ოპოზიციამ სტუმართან გაარკვიოს, რატომ არ აღმოჩნდნენ საინტერესო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„კითხვები სტუმარს უნდა დავუსვათ და არა მე, მაგრამ გეტყვით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მან შეხვედრები მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან გამართა. ერთადერთი შეხვედრა ევროსაბჭოს ასამბლეის ყოფილ და მოქმედ წევრებთან ჰქონდა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრნენ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი არ არიან, შესაბამისად, ვერც დელეგაციისა და ვერც წევრების სახით შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრის გამართვა თავად სტუმარმა არ მოისურვა, ამიტომ ჩვენთან პრეტენზიებს სჯობს, სტუმართან გაარკვიონ, რატომ არ აღმოჩნდა საინტერესო ეს პარტია და პოლიტიკოსები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან უცნაურია, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის ვერანაირი ფორმატი ვერ გამოიძებნა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებდა, რაც მისივე თქმით, დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა.