logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი...
- +

30 აპრილი. 2019. 13:48

 

 

საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევასთან დაკავშირებით ისაუბრა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას უკავშირდება.

 

„დღეს ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს წინსვლის შეჩერებას.

 

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპის საბჭოსთვის.

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციას.

 

ქრისტიანული სამყარო ამ დღეებში აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს კი, იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ თავიანთი წინაპრების საფლავზე მივიდნენ და სანთელი დაანთონ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებასთან დაკავშირებით, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას მიმართ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე.

 

„გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია.

 

ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები.

 

ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულება არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა, რომელიც დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე, არის ქვეყნის დეოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის გავრცელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპაციას ჩვენ არასოდეს შევეგუებით და დარწმუნებული ვარ, არ შეეგუება არც საერთაშორისო თანამეგობრობა.

 

მიუხედავად ამ უსამართლობისა, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ სამშვიდობო ინიციატივა, სახელად - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და დიდი მადლობა ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები ელემენტარული კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner