logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ უნდა მოვთხოვოთ
- +

30 აპრილი. 2019. 14:38

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების პროტესტს, რომლებიც დარბაზში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესვლისას ფეხზე არ წამოდგნენ, დაბალ პოლიტიკურ კულტურას უკავშირებს.

 

ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე დაალაგა ე.წ. მესიჯბოქსი და ახლა უკან დახევა აღარ სურთ.

 

„ამ მესიჯბოქსის ნაწილი იყო არალეგიტიმურობაზე საუბარი. ეს ტყუილი იყო და ამაში ყველა დარწმუნდა ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, არსებობს ეტიკეტი, პროტოკოლი, პოლიტიკური კულტურა. როდესაც არც ერთთან დაკავშირებით შენი პოზიცია არ ემთხვევა არც ეტიკეტს, არც პოლიტიკურ კულტურას და არც არანაირ პროტოკოლს, ეს უკვე დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ უნდა მოვთხოვოთ. ამის პრეტენზიები ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ. როგორც დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ოპოზიციამ ეს შეგნებულად გააკეთა, რაც ხელისუფლებისადმი ერთგვარი გაფრთხილებაა.

 

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner