logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი დაფასება კი, ჩვენი ვალია
- +

30 აპრილი. 2019. 15:30

 

 

„თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი დაფასება კი, ჩვენი ვალია“, - ასე მიმართა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთათვისაც ბინების მშენებლობა იწყება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო დაპირება, რომელიც შესრულდა და მომავალში მსგავსი პროექტი კვლავ იქნება.

 

„რამდენიმე თვის წინ შეგპირდით, რომ დავიწყებდით ახალ პროგრამას ჩვენი სამხედროებისთვის, ოფიცრებისთვის , რომ გაგვეუმჯობესებინა თქვენი სოციალური მდგომარეობა. დღეს, სწორედ აქ, ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას ახალი უბნის ჩვენი სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჩვენ ვდგავართ ერთადერთ სწორ გზაზე. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო ის, რომ უკვე 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა სურვილი და გაწევრიანდება იმ ამხანაგობაში, რომელსაც აქ ვაშენებთ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ამას კიდევ ბევრი სხვა მოჰყვება“,-  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ სამხედროებს თავდადება დაუფასდეთ.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველაზე ღირსეულ შვილებს ჰქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი აღუზარდონ საქართველოს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებაც ასეთია, რომ ბინების გადანაწილების კრიტერიუმები ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე იქნება დაფუძნებული. თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენი დაფასება კი, ჩვენი ვალია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯები. შემდეგი ნაბიჯები იქნება მსგავსი პროექტირების გაკეთება სხვა სამხედროებისთვის, მომავალი ოფიცრებისთვის, რომელიც იქნება 2 ათასამდე ადამიანი. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რომ ყველა ადამიანს, რომელიც მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰქონდეს რწმენა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მათ თავიანთი შრომა და თავდადება დაუფასდეთ“,- განაცხადა პრემიერმა.

 

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინები ამხანაგობის პრინციპით აშენდება და თანხის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner