„თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია თითოეული ჯარისკაცის, ოფიცრის სოციალური პირობების გაუმჯობესება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მახათას მთაზე განაცხადა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა იწყება.
„დღეს, პრემიერის გადაწყვეტილებით, ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს და მინდა განსაკუთრებით მას ვუთხრა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად მე და თითოეული თქვენგანი გრძნობს. ეს არის თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი თითოეული ჯარისკაცის, ოფიცრის სოციალური პირობების გაუმჯობესება. სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეების. ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს როგორც სოციალური პროცესების გაუმჯობესებას, ისე პროფესიონალი სამხედროების შენარჩუნებას, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის მოტივირებას იმისთვის, რომ მაქსიმუმი გააკეთონ, რათა ჰქონდეთ სასურველი სოციალური პირობები“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ცნობისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მახათას მთაზე საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება.
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართები „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.