ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებლები დადებითად შეაფასა.
„მარტში დაფიქსირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას წლის დანარჩენი თვეებისთვისაც, ვინაიდან შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - გულბანმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებლის კომენტირებისას.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12.3 პროცენტით შემცირდა და 740.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. შოთა გულბანის შეფასებით, ყოველივემ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მარტში ეკონომიკურ ზრდაზე.
„ჩემთვის ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანდათან იკრებს ძალებს შიდა წარმოების განვითარების კუთხით, რაც ექსპორტის შეუქცევად ზრდაში გამოიხატება. ვხედავთ ტენდენციას, რომ იმპორტი მცირდება და ადგილობრივი წარმოება ძლიერდება, რასაც ხელს უწყობს ერთი მხრივ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ხოლო მეორე მხრივ სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მეწარმეებს საწარმოო ციკლის თითქმის ყველა კომპონენტში უჭერს მხარს“, - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მარტში, ასევე, გაიზრდა ტურიზმიდან შემოსავლები 5,3%-ით და საერთაშორისო გზავნილები 7,5%-ით, რამაც დადებითი გავლენა იქონია მარტში ეკონომიკურ ზრდაზე.