logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია
- +

30 აპრილი. 2019. 17:17

 

 

„ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რომელიც სიცოცხლის დათმობისთვის მზადყოფნას მოითხოვს“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცები საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი დამცველნი არიან და განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის კუთხით არსებულ გამოწვევებს ღირსეულად პასუხობს.

 

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ბავშვობაში პირადად ვიცნობდი გენერალ კვინიტაძეს და დღეს ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ, დღეს როდესაც შესრულდა 28 წელი თავდაცვის ძალების დაარსებიდან.

 

თავდაცვის ძალები მისი შექმნის დღიდან მისი დამოუკიდებლობის საყრდენია. მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცების თავდადებისა და პროფესიონალიზმის უამრავმა მაგალითმა დაამტკიცა , რომ ჩვენთვის ღირსება უმთავრესია. ეს ასე იყო ისტორიულად, ასეა და ამას ვერაფერი დაემუქრება. ქართველებმა ვიცით თავისუფლების, მშვიდობის ფასი, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ჩვენს საზღვრებში მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და გლობალური მშვიდობა. უკვე წლებია საქართველო ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობს. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენმა ჯარისკაცებმა დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურეს. ავღანეთში ყოფნის დროს მე ვიყავი ამაყი, როცა ვისმენდი კოალიციური სარდლების სიტყვებს ქართველი სარდლების პროფესიონალიზმის უმაღლესი დონის შესახებ, იგივე მოვისმინე ბრიუსელში ნატო-ს შტაბში. ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რომელიც სიცოცხლის დათმობისთვის მზადყოფნას მოითხოვს. მე ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში მშვიდობისთვის თავგანწირული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი, რადგან იგი გვავალდებულებს და გვაძლიერებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისივე განცხადებით, პარტნიორები დიდ როლს თამაშობენ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში და ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის დიდი ნაბიჯები იდგმება. მინდა მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ამ გზაზე გვეხმარება. აშშ-ს მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რომელმაც დიდწილად განაპირობა ჩვენი თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმი და ხარისხი. ახლახან ჩატარებული NATO-საქართველოს სწავლებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორ იზრდება ნდობა ჩვენს მიმართ. ეს ერთობლივი ძალისხმევა ემსახურება დამოუკიდებლობის დაცვას, მშვიდობას, რეგიონში სტაბილურობას, ჩვენს მიერ არჩეული გზის შეუფერხებლად გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმით, სახელმწიფოებრივი ცნობიერებითა და თავდაცვის სფეროში წარმატებული რეფორმებით საქართველო ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი გახდება,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner