საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, სურამში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.
აღნიშნული ოჯახები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და ისინი ბინებს ხაშურში, სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში, კრიტერიუმების გარეშე მიიღებენ.
მინისტრმა დევნილ ოჯახებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიამ ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა. სოზარ სუბარის თქმით, აღნიშნული სამშენებლო კომპანია სხვა კომპანიით ჩანაცვლდება და დევნილი ოჯახები ზამთარს ახალ ბინებში შეხვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ბორჯომში 64-ბინიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. რეაბილიტაცია სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და დევნილი ოჯახები ბინებს 2016 წლის სექტემბერში მიიღებენ.
სოზარ სუბარმა გორში 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. მინისტრის განცხადებით, მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება.