logo_geo
eng_logo
ბუკიკიომ - კიო, მაგრამ... (ეს ვენეციაშიც და სხვაგანაც უნდა იცოდნენ)
- +

30 აპრილი. 2019. 20:47

 

 

ეჰ, ბუკიკიო, ბუკიკიო,.. რა ხარ, ვინც არ გიცნობს?!

ჰოდა, მოდი, ვცადოთ და უფრო ახლოს გავიცნოთ ეს ჩვენი, პირდაპირ ვიტყვი, არეულად მოთამაშე და „ჩორტების“ ჩამგდები ბუკიკიო.

ბოლო რეკომენდაციებით დავიწყოთ...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ მოსამართლეების კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ იმ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაშიო. უცოდინარებისთვის („იურისტი“ და „პოლიტიკოსი“ ანა დოლიძე და მისი „თანამოაზრეები“ მყავს მხედველობაში, უწმაწური „ბრალდებებით“ რომ დაიხარჯნენ) ავხსნი, რომ ბატონი ირაკლი, გარდა იმისა, რომ ამ საერთაშორისო კომისიისგან მოითხოვდა, დაედასტურებინა ან უარეყო კანონში წარმოდგენილი დებულებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა,  წარსულის გამოცდილებებიდან გამომდინარე, წინასწარ აზღვევდა პროცესის იმ განვითარებას, რომ ბატონ ბუკიკიოს შესაძლოა „ერჩია“ კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილების შეტანა. ხაზს ვუსვამ - არა მოეთხოვა, არამედ, „უბრალოდ“, სურვილი გამოეთქვა, მაგალითად... ოპონენტებისთვის „სატოპკეს“ აწევის მიზნით.

 

*

აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ და ანა დოლიძის პოლიტიკურ პორტრეტს „მივუძღვნი“ რამდენიმე სტრიქონს. აშკარაა, რომ ადამიანი ყველა ჩარჩოდან არის გამოსული და უკვე დიდი ხანია, გადალახული აქვს ყველა ის ნორმა და ზღვარი, რასაც საჯარო ურთიერთობის ეთიკა და (ზოგიერთ შემთხვევაში) ზრდილობა მოითხოვს. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ისაა, რომ ამ ახალგაზრდა ქალბატონის ცოდნა (როგორც სამართლის, ისე პოლიტიკის) არანაირად არ არის შესაბამისობაში მის ამბიციასთან; მეორე კი ის გახლავთ, რომ მის ირგვლივ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც „მკვახე შეძახილით“ გამოაფხიზლებდა და ზემოხსენებული წესების დაცვისკენ მიუთითებდა.

 

ჩემი სიმართლის და სამართლიანობის მოყვარული ხასიათიდან გამომდინარე, შევეცდები, ეს „მისია“ მე ვიტვირთო - ქალბატონო ანა, ირაკლი კობახიძემ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტებით და არგუმენტებით დაგისაბუთათ, რომ არც კონსტიტუციის და არც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში არ გქონდათ იმის საკმარისი კომპეტენცია, რომ პარლამენტში დაგეცვათ პრეზიდენტის პოზიცია. რაიმეს არცოდნა, თავისთავად, პრობლემა არ არის. პრობლემა ისაა, რომ გაბედეთ, სრულიად მოუმზადებელი დამდგარიყავით ქვეყნის ყველაზე მაღალ ტრიბუნაზე.

 

თქვენი კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ იმდენად მწირი იყო თქვენი ცოდნა, რომ ვერც კი წარმოგედგინათ, რა სიმაღლის შეიძლებოდა ყოფილიყო კომპეტენციის ხარისხი როგორც ერთ, ისე მეორე საკითხებში. შემდეგ, როდესაც მიხვდით, რომ „იქ არ მოხვდით“, აი, იმ ამბიციამ აგჭრათ, რომელიც, ვიმეორებ, სრულიად არ არის შესაბამისობაში თქვენს ცოდნასთან და წარმატებისთვის აუცილებელ ინტელექტთან (ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თქვენი საუბრების ჩანაწერებს თუ კრიტიკულად გააანალიზებთ, ბევრი რამის გამო თვითონაც უხერხულობას იგრძნობთ).

ჩვენში, სამწუხაროდ, წარმატებულად ითვლება ადამიანი, რომელიც ტელეეკრანზე ხშირად ჩნდება ხოლმე და თუ ის ამერიკაშიც არის ნამყოფი, მაშინ ხომ... პროვინციალიზმია ეს ყველაფერი, დამიჯერეთ, ნუ აჰყვებით მოჩვენებით ცდუნებებს, თუ გსურთ, წინ იაროთ(!).

 

... აიჭერით და დღესაც ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. ნაცვლად იმისა, რომ მარცხიდან დასკვნები გამოგეტანათ, ობიექტური თვითშეფასება გაგეკეთებინათ და საჭირო წიგნები წაგეკითხათ, თქვენი მაშინდელი უმწეო მდგომარეობა პარლამენტის თავმჯდომარეს დააბრალეთ, სახე მთლიანად დაკარგეთ, გაბოროტდით და შეურაცხყოფებით ცდილობთ, ანგარიში გაუსწოროთ.

 

ქალბატონო ანა, ნუ მიწყენთ და დასკვნის სახით, როგორც მრავალმხრივი გამოცდილების მქონე უფროსმა ადამიანმა, ნაკლები გამოცდილების მქონე უმცროსს, ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ - მცირე პაუზა აიღეთ, რომ დაფიქრებისთვის დრო გქონდეთ. იქნებ, ამერიკაში წასვლამდე რომ ვიცნობდით, ის ანა იპოვოთ.

 

*

ისევ ვენეციის კომისიას დავუბრუნდები: კანონპროექტის საერთო შეფასება დადებითია. რეკომენდაციებიდან კი მხოლოდ ორს შეიძლება ეწოდოს სამართლებრივი (საკვალიფიკაციო გამოცდებს რომ ეხება და ინტერესთა კონფლიქტს), თუმცა, ამ ორიდან ერთს (გამოცდებს) მაინც დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი. რაც შეეხება დანარჩენ ორს (კენჭისყრის წესს და უზენაესი სასამართლოს გარკვეული ვაკანსიების შევსების გადავადებას), ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს.

 

ვინმემ „შეთქმულების თეორიების“ ბლანდვაში რომ არ დამადანაშაულოს, ჯერ ამ ბოლო ორი რეკომენდაციის ანალიზს შემოგთავაზებთ, შემდეგ კი რამდენიმე მაგალითს მოვიტან საქართველოს კანონმდებლობასთან აღნიშნული კომისიის წარსული ურთიერთობებიდან და რამდენიმე მაგალითსაც, პარალელურ რეჟიმში მოქმედ, საქართველოს „მეგობარი“ ზოგიერთი ოგანიზაციისა თუ ინსტიტუციის „მოღვაწეობიდან“.

 

ვაკანსიების შევსების გადავადების რეკომენდაცია წმინდა პოლიტიკური შინაარსისაა და ვენეციის კომისიის ფიქრისა და ზრუნვის საგანს არანაირად არ წარმოადგენს. უფრო ზუსტად და მკაფიოდ რომ ვთქვათ, ბუკიკიოს არავინ ეკითხება, ჩვენ რამდენ მოსამართლეს დავნიშნავთ და როდის. უბრალოდ, პატარა და სუსტი საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, იმოქმედოს „დიდ კაცთან პატარა კაცსა“-ს პრინციპიდან გამომდინარე და შეეცადოს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ასეთ შემთხვევებში, მთავარია, ჩვენ, საზოგადოება არ გავჩუმდეთ და არ შევეგუოთ ამ ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას.

 

ირაკლი კობახიძემ კი დააზღვია კონსტიტუციასთან დაკავშირებული „რჩევები“ (კიდევ კარგი, რომ დააზღვია), მაგრამ ბუკიკიომ „მაინც მონახა ხვრელი“ და სასამართლო სისტემისადმი ნდობაზე ალაპარაკდა, ანუ „ნაცმოძრაობის“ (თავის ეკა ბესელიანად) ნარატივს მოაჯდა და მისდა სამარცხვინოდ, ძალიან შორს გაიჭრა კომისიის უფლებამოსილების ფარგლებიდან.  

 

შეიძლება ვინმე შემომედავოს - ბუკიკიომ, ალბათ, ეს კონფლიქტის ჩასაქრობად, კომპრომისის მოძებნაში დასახმარებლად გააკეთაო. პასუხი აქაც მარტივია - ჯერ ერთი, ვენეციის კომისია ნინიას ბაღი არაა და უფლებამოსილება უფლებამოსილებაა და მეორე - „ნაცებისთვის“ რაიმე (თუნდაც მხოლოდ სალაპარაკო) თემის გადაგდება, ახალი დესტრუქციული მოქმედებების საფუძველია, რადგან ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ არის მომართული და...

 

ეს ბატონმა ბუკიკიომ არ შეიძლება არ იცოდეს(!).

რაც შეეხება კენჭისყრის ფორმას... 2013 წლის რეკომენდაციის საფუძველზე დაკანონებული ფარული კენჭისყრის ღია კენჭისყრით შეცვლის შემოთავაზება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხათუნა გოგორიშვილმა სწორად ახსნა მიზეზი - რეალობა შეიცვალა და წესიც იმიტომ უნდა შეიცვალოსო - მაგრამ, „რატომღაც“,  ფრჩხილების გახსნა „დაავიწყდა“.

 

ფრჩხილებში კი, აი, რა იკითხება: 2013 წელს „ნაცები“, თავის  შიდა და გარე „მეგობრებიანად“, დარწმუნებული იყვნენ, რომ მოსამართლეებზე გავლენებს სრულად შეინარჩუნებდნენ. ამიტომ, ფარული კენჭისყრებიც მათ ინტერესში იყო და მოსამართლეთა უვადო დანიშვნებიც. დღეს, როცა სასამართლო სისტემაში რეალობა ქვეყნისთვის სასიკეთოდ, ანუ მათ საზიანოდ შეიცვალა, ბუნებრივია, „პლასტინკაც“ გადატრიალდა.

 

... და ესეც, არ შეიძლება ბატონმა ბუკიკიომ არ იცოდეს(!).

სწორად მიმიხვდი, მკითხველო, მართლაც მაწვალებს ეჭვები, რომ ბატონი ბუკიკიო გარკვეული ვალდებულებებით უნდა იყოს დამძიმებული საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე. მარტო ეჭვებზე რომ იყოს საქმე, ვინ ოხერი ამოიღებდა ხმას. მაგრამ რა ვუყოთ იმ უცნაურ ლოგიკას, წლების განმავლობაში თვალის დახუჭვებს, დათმობებსა და კომპეტენციის საზღვრებიდან გასვლებს ყოველთვის ცალმხრივი სახე და შინაარსი რომ ჰქონდა?

თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება. არცთუ ბოროტი ხმები ამბობენ, რომ 2004 და 2010 წლების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩამოტანილ მკაცრ დასკვნებს ბატონი ბუკიკიო სააკაშვილთან რომ შეიტანდა ხოლმე, მერე იქიდან გამოსული, ცალკეულ რეკომენდაციებში, ნაცვლად სიტყვებისა - „ეს არ შეესაბამება დემოკრატიის მოთხოვნებს“, „ეს სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა“ და სხვ. - ჩაურთავდა ხოლმე ჯადოსნურ სიტყვებს - „ხომ არ გვეფიქრა“, „კარგი იქნებოდა“ და სხვ. და რაც მთავარია, მთელ ტექსტს თავში ან ბოლოში მოარგებდა კიდევ ერთ, ზე-ჯადოსნურ ფრაზას - „მიუხედავად წარმოდგენილი შენიშვნებისა, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი“.

 

სამართალში ან პოლიტიკაში თუნდაც მეტ-ნაკლებად ჩახედულ ნებისმიერ პირს კარგად მოეხსენებოდა და მოეხსენება, რომ 2004 წლის ცვლილებები იყო სუპერ-საპრეზიდენტო, ანუ შეუზღუდავი საპრეზიდენტო, ხოლო 2010 წლის ცვლილებები - სუპერ-საპრემიერო, ანუ შეუზღუდავი საპრემიერო მმართველობების დაკანონება. ისინი კი („მეგობრები“ კომისიიდან) ამბობდნენ, - „წინგადადგმული ნაბიჯიო“...

 

რა გინდა, რომ ქნა? გეტყვიან, ყველა შენიშვნა წარმოდგენილი გვაქვს და შემარბილებელი ფრაზები სტილის ამბავიაო. არადა, უხსენი ახლა ამათ, რომ ყველა ტელევიზია სააკაშვილის იყო და იქ მარტო „ჯადოსნურ“ და „ზე-ჯადოსნურ“ ფრაზებს კითხულობდნენ და ვისაც „არ სჯეროდა“, გლდანის „მერვესკენ“ გზაზე დაადევნებდნენ ხოლმე - რა გინდათ, თქვე უმადურებო, წინსვლა ხომ არის, ამან თქვაო, იმან თქვაო, ბუკიკიომ თქვაო (ამან-ზე და იმან-ზე ქვემოთ მოგახსენებთ)...

 

მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბატონ ბუკიკიოს ეს ყველაფერი, ჩვენი ახსნა-განმარტებების გარეშეც,  კარგად მოეხსენებოდა - არ შეიძლება, არ სცოდნოდა(!).

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, ბატ. ბუკიკიოს მიერ დაუკრეფავში  გადაბოტება პირველი არაა. 2016 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ჩვენს ვენეციელ მეგობრებს „კეთილმა სურვილებმა“ უცებ „დაავიწყათ“, რომ პოლიტიკაზე ლექციების კითხვა მათი საქმე არ იყო და „გვირჩიეს“, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ამ შემთხვევაშიც, წინასწარ ჰქონდა განცხადებული, რომ მხოლოდ სამართლებრივ შენიშვნებს გაითვალისწინებდნენ, მაგრამ ბუკიკიომ „ეტყობა, ჩათვალა“, რომ ქართველი ხალხის ნდობის მანდატით აღჭურვილ პოლიტიკოსებზე კარგად იცის, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და რა არა.

 

როდესაც ადამიანი წესებს არღვევს და თავის უფლებამოსილებებს სცდება, თანაც ამას სჩადის სისტემატურად, ერთი პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ, მაქვს სრული უფლება, ვიფიქრო, რომ ეს დამოკიდებულება არ არის თავისუფალი კერძო, მერკანტილური ინტერესებისგან.

 

მსჯელობის დამაჯერებლობისთვის ზოგიერთი სხვა „მეგობარი“ სუბიექტების „დახმარების“ მაგალითებიც გავიხსენოთ: შეუძლებელია, ამერიკულმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა NDI და IRI, არ იცოდნენ, რომ მათი ყოველი გააქტიურება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში, საზოგადოების მძაფრ გაღიზიანებას იწვევს, „მათ მიერ დანახული რეალობის“ უკიდურესი ტენდენციურობის გამო. წესით, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციებს არ აწუხებდეთ ის ნამდვილი რეალობა, რომ ხალხი, დიდი ხანია, ლანძღვიდან დაცინვაზე გადავიდა და მათ ე.წ. კვლევებზე ანეკდოტების სერიები იქმნება, მაგრამ...

 

ზემოაღნიშნულის მსგავსია ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება „ევროპის სახალხო პარტიის“ გარკვეული ჯგუფის მიმართაც.

 

 

ჩამოთვლილი ორგანიზაციების ობიექტურობისგან დაცლილი აქტივობების შეფასება, დიდი ხანია, ერთ წინადადებამდე დავიდა და ის ასეთი შინაარსისაა - ისინი არა საქართველოს მეგობრები, არამედ მრავალი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი სააკაშვილისა და მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები არიან.

 

ზემოთ, კითხვის ნიშნებზე საუბრის დროს, სიტყვა ინსტიტუციაც ვახსენე... აშშ-ის ერთი-ორი ელჩი მყავდა მხედველობაში. ბატონ ჯონ ბასზე ჩემს ერთ ადრინდელ წერილში ვსაუბრობდი, როდესაც 26 მაისის მოვლენები გავიხსენე. მაშინ ვთქვი, რომ ამ მაღალი რანგის პერსონის განცხადებები, აქციის დარბევამდე და დარბევის შემდეგ, მისი უფლებამოსილების ფარგლებს საგრძნობლად სცდებოდა და უფრო მეტიც, საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად დაკვალიფიცირებას იმსახურებდა.

 

რაც შეეხება აშშ-ის უკანასკნელ ელჩს, ბატონ იან კელის... პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა მისი ხაზგასმული სიმპათიები „ნაცმოძრაობის“ მიმართ და არცთუ დაუფარავი, გაღიზიანებული დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ (სხვათაშორის, ბატონი კელი ასევე ხაზგასმულ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართაც, რომლის მოღვაწეობითაც ამერიკელი ხალხი აშკარად კმაყოფილი ჩანს და ვფიქრობ, ქართველებსაც გვაქვს საფუძველი, მისი აქტიური მხარდაჭერისა და პრინციპული სამომავლო გადაწყვეტილებების გვეიმედებოდეს).

კიდევ ერთი ფაქტი - წეღანაც ვთქვი, თბილისი პატარა ქალაქია-მეთქი, ამიტომ, როგორც წესი, ჩვენში თითქმის არაფერი იმალება ხოლმე. ერთ მშვენიერ დღეს, იმ ამბავმაც მოაღწია ჩვენს ყურებამდე, რომ სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას მოვლინება თურმე ბატონი კელის ავტორიტეტის (სტატუსის) დამსახურება ყოფილა.

 

ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობა, ძველი დროიდანვე „ნაცმოძრაობასთან“ მისი აფელირების მიუხედავად, თავისთავად, დიდი პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ ბატონმა ელჩმა ეს კანდიდატურა „ნაცმოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე „შეარჩია“, ხოლო უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის საქმეებში უხეშ ჩარევას არ მოერიდა.  

 

საზოგადოებას, ბუნებრივია, აინტერესებს, რა შეიძლება იყოს ზოგიერთი მაღალი რანგის  პერსონისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ქვეყნისადმი ამ არამეგობრული და თანამშრომლობისა და დახმარების ობიექტურ ინტერესებს აცდენილი დამოკიდებულებების მიზეზი.

 

რეალურად, მე მხოლოდ ერთი (სხვა დანარჩენი მხოლოდ თეორიულ ვარიანტებად შეიძლება განიხილებოდეს, იმდენად მძიმეა თავისი შინაარსით) მიზეზი (ასევე, საკმაოდ მძიმე) შემიძლია ვივარაუდო:  

 

„მეგობარი“ ორგანიზაციები და ცალკეული პირები გარკვეული, არაოფიციალური ვალდებულებებით დაიტვირთნენ საქართველოს წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პერიოდში და ამ ტვირთისგან ვერ თავისუფლდებიან.

 

კითხვის ნიშნების სამიზნეში მყოფთა ჩამონათვალი, რასაკვირველია, სრული არ არის და თემის უფრო ფართოდ გაშლაც შეიძლება და უფრო მეტი კონკრეტიკის შეტანაც, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაფერს ერთ წერილში ვერ იტყვი. 

 

მთავარია, საზოგადოება არც ერთ კითხვის ნიშანს რეაგირების გარეშე არ ტოვებდეს. ამას მოითხოვს სახელმწიფო ინტერესი. და კიდევ უფრო მთავარია, გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი სახელმწიფო ისევ არ იქცეს სახიფათო და(ან) არაჯანსაღი პოლიტიკური თამაშების არეალად.

 

თვალის დახუჭვები და „გატარებები“ იმის შიშით, რომ არავინ გავანაწყენოთ, წარსულს უნდა ჩაბარდეს. მჯერა, ჩვენ ამას შევძლებთ და გავაკეთებთ...

ბატონმა ბუკიკიომ და სხვებმაც ეს უნდა იცოდნენ!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner