საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და ნიდერლანდების სამეფოს და ჰოლანდიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - „მეფის დღე“ მიულოცა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობები ახალ დინამიზმს იძენს პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. ეს ურთიერთობები დაფუძნებულია ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ ურთიერთნდობაზე, მეგობრობასა და პარტნიორობაზე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ევროპული მისწრაფებების კუთხით. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ნიდერლანდები იზიარებენ საერთო, ძლიერ და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას ევროპის შესახებ. დავით ზალკალიანმა ნიდერლანდების სამეფოს და ჰოლანდიელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.
ნიდერლანდების სამეფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ.