logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ამერიკული ბაზის მშენებლობაზე პრეზიდენტის პოზიცია არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას
- +

1 მაისი. 2019. 12:06

 

„ამერიკული ბაზის მშენებლობაზე სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით.

 

ვოლსკის მიაჩნია, რომ არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს.

 

„გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს. პრეზიდენტს შეიძლება, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს, თუმცა, არ მგონია, გრძელვადიან პერიოდში სალომე ზურაბიშვილს იგივე აზრი ჰქონდეს. ალბათ ფუნდამენტურად მომზადება იმ საკითხების, რასაც ჰქვია ბაზის მშენებლობა, NATO-ს წევრობა, ეს იგულისხმა.

 

ამერიკასთან ურთიერთობები შედგება საკმაოდ მძლავრი დანაყოფებისგან, როგორიცაა პოლიტიკური სფერო, ადამიანთა ურთიერთობის, ბიზნეს ურთიერთობის სფერო და რაც მთავარია, საერთაშორისო უსაფრთხოების სფერო. ამ ფორმატში გარკვეული აზრები, გადახრა-გადმოხრა მთავარი კურსიდან შეიძლება იყოს ცალკეული შეცდომით, შეიძლება ტექნიკური შეცდომა დავარქვათ ამას. მაგრამ მთლიანობაში, ეს მთავარი კურსი არანაირ ნაკლოვანებას არ განიცდის, ვერც განიცდის, ეს გაცილებით უფრო გლობალური საკითხია.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ გავშიფრავდი ისე, რომ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ჩვენს საგარეო კურსსა და მის განცხადებებს შორის, არის გარკვეული მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს. მთლიანად, გლობალური მასშტაბით თუ ავიღებთ, შეხედულებებს თუ გავაანალიზებთ, რასაკვირველია, კურსი ერთია, ეს არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და არც სალომე დგას ამ კურსიდან შორს, ერთი და ნახევარი ნაბიჯითაც კი.

 

თუ ის მსჯელობს იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია, ბაზის დღეს მშენებლობა ან ხვალინდელი პერსპექტივები ნატო-სთან ურთიერთობის, ეს არის მსჯელობა, მისი შეხედულებები, რომელიც არანაირად არ უპირისპირდება საგარეო კურსის ძირითად მიმართულებას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა:

 

„არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია, შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner