„ამ ეტაპზე ამერიკული სამხედრო ბაზის თემაზე საუბარი და განხილვები არ ყოფილა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მას არ უნახავს სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადება, თუმცა, აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.
„მე არ მომისმენია ქალბატონი სალომეს ეს განცხადება, არც ის ვიცი, რა კონტექსტში გააკეთა. ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხადია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომლსაც ევროპა და NATO-სთან თანამშრომლობა ჰქვია. ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდში გვედგა. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ თემაზე საუბარი და განხილვები არ ყოფილა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“.
„ის არის დამოუკიდებელი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს და რადგან იგი იყო ერთადერთი ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მისთვის მხარი. შესაბამისად, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა:
„არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.