მექსიკაში, „National Audotorium"-ის დარბაზში „ტროას შოუ" განსაკურთებული ემოციით მიიღო მაყურებელმა, შოუში 10 ქართველი სოლისტი მონაწილეობს.
როგორც ჟურნალისტებს ქართული ცეკვების სოლო შემსრულებელმა თეიმურაზ ციხისელმა განუცხადა, მათმა გამოსვლამ კონცერტზე, რომელსაც დაახლოებით, 10 ათასი მაყურებელი დაესწრო, დიდი მოწონება დაიმსახურა.
თეიმურაზ ციხისელის თქმით, ქართული ცეკვა, რომელიც კონცერტზე მებრძოლი ხასიათის გამო იქნა არჩეული, განსხვავებული ინტერპრეტაციით დაიდგა.
„სცენაზე მეომრების როლს ვასრულებთ. ჩვენ იმისთვის შეგვარჩიეს, რომ ფარიკაობის ქართული ელემენტები ომთან და ბრძოლასთან ასოცირდება. საბრძოლო ელემენტები შევასწავლეთ ჯგუფის წევრებსაც, შოუ პირველად იყო ჩასული მექსიკაში და დიდი მოწონება დაიმსახურა. დარბაზში 10 ათასი ადამიანი იყო და კონცერტმაც სრული ანშლაგით ჩაიარა", - აცხადებს ციხისელი.
კითხვაზე, -რა არის ის, რასაც მაყურებელი გამოარჩევს, ციხისელი აცხადებს, რომ ხმლებით შესრულებულ ილეთზე მაყურებელს ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია აქვს.
„როცა ხმლით შესრულებულ ცეკვას ხედავენ, მათში ემოცია მძაფრდება და დარბაზი ფეხზე დგება. განსაკუთრებით მოსწონთ, როცა სცენაზე ნაპერწკლები ცვივა და ასევე, სწრაფი ტრიალის ეფექტი, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია და მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს", - აცხადებს ციხისელი.
ავტორი: ანი ნიქაბაძე