უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 23 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და ძალიან ყურადრებით განიხილავს.
იმერლიშვილი განმარტავს, რომ კანონზე ვეტოს დადების საკითხზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი თავად მიიღებს.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დავალებით. პირველი მოსმენიდან მოყოლებული ძალიან ყურადღებით განვიხილავთ კანონპროექტს, ამას დაემატა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და მართლაც კრიტიკული შენიშვნები. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამას თავად პრეზიდენტი მიიღებს", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისია წინასწარ დოკუმენტში განიხილავს, რამდენად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს და არის თუ არა ეს ცვლილებები ზიანის მომტანი საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებისთვის, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში.
კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ კომისია მიესალმება გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, გამოიწვევს პოზიტიურ შედეგებს. კერძოდ, ეს ეხება მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი სისტემა უზრულვეყოფს რეალურ არჩევანს იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც შერჩევის პროცედურაში მიიღებენ მონაწილეობას.
კომისია ასევე პოზიტიურად აფასებს შემდეგ ცვლილებებს: მოსამართლეთა განსხვავებულ აზრთა გამოქვეყნება, გადანაწილების ელექტრონული სისტემის დაწესება და საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების ძალაში შესვლა სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს სხვა დებულებებიც, რომელიც მოითხოვს შესწორებებს იმისთვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლოს ამოცანების შესრულება. კერძოდ, კომისიის რეკომენდაციით კანონპროექტში შესატანია შემდეგი ცვლილებები: 1. მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის მკაცრი შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ იმ საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლე განაგრძობს მუშაობას იქამდე, სანამ დაინიშნება ახალი მოსამართლე. ცვლილება, რომელიც ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე მოსამართლის უფლებამოსილებებს ზღუდავს, უნდა გაუქმდეს. 2. კვორუმი, რომლის თანახმად პლენარულ სხდომებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სულ მცირე 6 ხმა უნდა შემცირდეს. 3. უნდა შეიცვალოს დებულება, რომელიც უფლებას აძლევს ერთ მოსამართლეს, საქმე პლენუმზე გაიტანოს. მოთხოვნა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, პლენუმზე მოსამართლეებს უბრალო უმრავლესობით უნდა შეეძლოთ ასეთ მოთხოვნაზე ურის თქმა.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მოსამართლეების შერჩევა მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს საშუალება, განიხილოს ამ შესწორებების კონსტიტუციურობა მანამ, სანამ ისინი ძალაში შევა", - ნათქვამია დოკუმენტში. ვენეციის კომისია მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას დახმარება მომავალშიც გაუწიოს.