„ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეები სენსიტიურ თემებს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.
„მინდა, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის: საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს. ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფის, ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.