logo_geo
eng_logo
თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა
- +

2 მაისი. 2019. 15:23

 

 

თბილისში გუდიაშვილის ქუჩაზე, დღეს ახალი სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ (Wyndham Grand Tbilisi) გაიხსნა.

 

სასტუმრო კომპანიის „სიტი ემ“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა.

 

სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახი კალაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინვესტორები ისრაელიდან ტურიზმის სფეროში სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ.

 

„დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელისთვის, ისევე როგორც დედაქალაქის სტუმრებისთვის, მართლაც გამორჩეული ადგილი გახდება ეს სასტუმრო. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული დანიშნულება და ტურისტული ადგილი მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, გვჭირდება კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს შესახებ ცნობადობა ყველგან. აქედან გამომდინარე, მივესალმები ამ ინვესტიციას. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გუდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.

 

„ეს იქნება ულამაზესი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქუჩა თბილისის ცენტრში”,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ახალ სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი, სამი რესტორანია, ასევე 22-მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“. კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.

 

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა.

 

როგორც სასტუმროს მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, თავდაპირველად სასტუმროს მშენებლობა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივა იყო, რომელიც შემდეგ პალატის წევრმა კომპანიამ „სიტი ემ“ გადაიბარა და მოიძია ბრენდი „ვინდამ გრანდი“.

 

სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიულ შენობებს შორის მდებარეობს. ასევე კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა. პემიერ-მინისტრმა კომპანიას ამისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner