ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით,სამ მისამართზე- ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების კაპიტალური მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე მოეწყო ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.
დასრულებულ სამუშაოებს ავჭალის მაჟორიტარი პარლამენტის დეპუტატი კობა კობალაძე რაიონის გამგებელთან და საკრებულოს მაჟორიტართან ერთად გაეცნო.
„ჩვენს სამაჟორიტარო ოლქს სამი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამჟამად სამ მისამართზე განხორციელდა სპორტული მოედნების მოწყობა. დღეიდან მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მოსახლეობას შეუძლია, სრულიად ახალი, სპორტული მოედნებით ისარგებლოს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.