26 ივნისს მომღერალ ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდება. მომღერლის რძალმა ისაუბრა გადასვენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოჯახი ელოდება მახათას მთაზე პანთეონის გახსნას, რათა შეძლონ ეთერ კაკულიას გადასვენება პანთეონში.
„წელს პირველი აღდგომა იყო, როცა ეთერი ჩვენს გვერდით აღარ არის. ვიყავით მის საფლავზე, გვეხამუშებოდა რაღაცნაირად..
ეთერის ოთახში, მისი ნივთები როგორც ეწყო, ისევ ისე აწყვია, ხელს არაფერს ვკიდებთ. ამ ოთახში ფეხაკრებით და მორიდებით შევდივართ. ის ხატები, რომლებზეც ლოცულობდა, ისევ აწყვია. თავისი ხატი ჰქონდა, რომელსაც სულ ელაპარაკებოდა. ჰოდა, ოთახში რომ შევდივარ, სულ ეთერს ვგრძობ, საოცარი ენერგეტიკა აქვს იქაურობას. მისი პარფიუმერიაც ისევ ხელუხლებელია. ხომ არის, რომ ადამიანი გარდაიცვლება და მისი ნივთები გადალაგდება, დახარისხდება, ვიღაცას ჩუქნიან, ან მის ოთახში სხვა გადაინაცვლებს, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან რთულია... ეთერი ვაკის სასაფლაოზე, დედ-მამის გვერდზეა დაკრძალული. არადა, დიდუბის პანთეონზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ ადგილი არ აღმოჩნდა, მერე პატრიარქის სურვილი იყო, ჯერ დედ-მამასთან დაკრძალულიყო და მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ, პანთეონში დაკრძალავენ, ახლა ამას ველოდებით", - აღნიშნა ნინი მელაშვილმა.