logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: სამი-ხუთი წელი გვჭირდება, რომ სასახლე იყოს ევროპული ტიპის არაფორმალური განათლების კერა
- +

2 მაისი. 2019. 17:03

 

 

დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს დაარსებიდან 78 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორ თიკა რუხაძესთან.

 

როდესაც ექვსი წლის წინ ხანგრძლივი ემიგრაციიდან ჩემი მხოლოდშობილი ქალიშვილის დაჟინებული მოთხოვნით სამშობლოში ვბრუნდებოდი, წარმოდგენა არ მქონდა, რომელ და როგორ სკოლაში მივიყვანდი შვილს. ერთადერთი, რაც მისი დაბადებიდან ზუსტად ვიცოდი, სკოლის ასაკს რომ მიაღწევდა, ის აუცილებლად გახდებოდა სასახლელი, აუცილებლად იცხოვრებდა იმ სამყაროში და იმ სამყაროთი, რომელმაც მთელი ბავშვობა არნახულად ცოცხალი ფერებით გამიფერადა, უამრავი თავგადასავალი დამიგროვა, მოგონებების სკივრში საოცარი სურნელი გამომიმწყვდია და სიტყვის ხურჯინში სულ კეთილი, ლამაზი, ხალხში შემორჩენილი, ხალხიდან წამოკრეფილი, მათი საუბრიდან ამოკენკილი სიტყვები შემაგროვებინა - მე პიონერთა სასახლის „ქართული ენის საუნჯეში“ დავდიოდი, სასახლელი და საუნჯელი ვიყავი ერთდროულად, სასახლელი, ჩვენს ბავშვობაში პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე რომ ერქვა, დღეს კი - მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა. ჩვენი სასახლე ზედ რუსთაველის გამზირზე იდგა და  ბავშვების ჟრიამულით იყო მუდამ სავსე, ჩვენს სასახლეს სარკეებიანი დარბაზი, უმშვენიერეს ბაღში გამავალი ტერასა და კიბეები ჰქონდა და ბავშვურად გვიხაროდა, ამ ტერასას ან ბაღში გამავალ ულამაზეს კიბეს, ან სარკეებიან დარბაზს, ფოიედან მეორე სართულზე ამავალ დიდებულ კიბეს თუ მოვკრავდით თვალს ქართულ მხატვრულ ფილმებში „ქეთო და კოტესა“ თუ „დათა თუთაშხიაში“.

 

არ იფიქროთ, ლიზის სასახლელობას ამ ისტორიული, დიდებული შენობით მოხიბლული ვუპირებდი, თუმცა, არც უმაგისობა იყო. რუსეთის მთავარმართებლის რეზიდენციად, ქართველ მეფეთა საგვარეულო ბაღების ტერიტორიაზე თითქმის ორი საუკუნის წინ აგებულმა შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა გარეგნული იერიც და შინაარსიც. რუსეთის მეფისნაცვლის დანიშვნის შემდეგ მეფის თვითმპყრობლობის წარმომადგენელთა ამპარტავნული მოთხოვნებისდა შესაბამისად ფართოვდებოდა, იზრდებოდა, ბრწყინვალებას იძენდა რეზიდენცია, ემატებოდა დარბაზები, მშვენდებოდა და წესრიგდებოდა ბაღი შადრევნებითა და ფანჩატურებით, განუმეორებელად გაბრწყინდა სარკეებიანი დარბაზი, სადაც იმართებოდა იმდროინდელი ზეპური საზოგადოების შეხვედრები, საღამოები, ბალები. ბედის ირონიით, იმ დარბაზებში, სადაც საქართველოს დამონების, მისი გუბერნიად ქცევის მზაკვრული ამბები იხლართებოდა, ზუსტად ერთი საუკუნის წინ ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ: საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აქ მოეწერა ხელი დამოუკიდებლობის აქტს, აქვე იყო განთავსებული დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის კაბინეტი, აქვე მიიღეს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს კონსტიტუცია და აქ მუშაობდა საბჭოთა საქართველოს მთავრობა. ხელისუფალთა ინტერესი ყოველთვის დიდი და განსაკუთრებული იყო სასახლის შენობის პირადი მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ასე რომ არა, რა უნდოდა სტალინის დედას, კეკეს სასახლის დარბაზებში: აქ ცხოვრობდა, აქ ეძინა, აქ იმზადებდა საჭმელს, აქვე გარდაიცვალა, აქედანვე გაასვენეს და მთაწმინდის მიწას მიაბარეს. უახლოეს წარსულში კი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურდა, სასახლე თავისი შვილის ნათლიისთვის, ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილისთვის ეჩუქებინა, ვითომდა საბალეტო სკოლისთვის. არავინ იცის, რა იქნებოდა დღეს რუსთაველის 6 ნომერში, მაშინდელ პრეზიდენტს ეს კაპრიზი რომ გასვლოდა, სასახლელები - ყოფილები, იმდროინდელნი თუ მომავალი - ერთად არ დამდგარიყვნენ და არ დაეცვათ სამყარო, რომელიც, მე ვთვლი, ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს უნდა შეეხოს, ვიდრე ზრდასრული გახდება. ეგზიუპერი თუ ამბობს: ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ყველანი სასახლიდან მოვდივართ და მოგვყვება ის სხივი, რაც ჩვენს სასახლელ პედაგოგებს აქვთ და რაც მთელი სამყაროს პედაგოგებისგან გამოარჩევთ მათ.

 

მთავარ სათქმელს და ჩემი აკვიატების - ლიზი აუცილებლად გახდება სასახლელი - მიზეზსაც მივადექი, დიახ, პედაგოგებს, რომელთაც საოცარი უნარი აქვთ, ბავშვში ზუსტად ის ნიჭი დაინახონ, რაც მას აქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად გაჰყვნენ მას ამ ნიჭის განვითარების გზაზე. მახსოვს, პირველად სასახლეში პაპაჩემმა მიმიყვანა, ბევრი ლექსი ვიცოდი ზეპირად და გამოთქმით ვამბობდი ხოლმე. პაპაჩემმაც, თბილისის ახუნდოვის სახელობის თეატრის ყოფილმა მსახიობმა, გადაწყვიტა, რომ ჩემში მისმა გენმა და ნიჭმა გაიღვიძა და თავის მეგობარსა და კოლეგასთან, ბიჭიკო ჩხეიძესთან მიმიყვანა სინჯებზე, პიონერთა სასახლის თეატრალურ დასში ჩასარიცხად. არ ვიცი, რა ჯადო-უნარი ჰქონდა ბატონ ბიჭიკოს, პირველივე „ხმამაღლა დაწერილი“ ლექსის წაკითხვისთანავე დაასკვნა, ამ ბავშვს მსახიობური მონაცემები არ აქვს, ლექსებს სწავლობს მშობლიური ენის სიყვარულით და მოდი, „ქართული ენის საუნჯეში“ მივიყვანოთ. გამიხარდა, რომ სცენაზე იძულებით წვალებას ავცდებოდი და თან, სრულიად უცხო ადამიანმა ჩემი დაფარული სურვილი ამოიცნო. ასე გავხდი სასახლელი. დავდიოდით ექსპედიციებში, ველაპარაკებოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს, ძირითადად მოხუცებს, მათი ნალაპარაკევიდან ვარჩევდით ჩვენთვის უცხო, სოფლებში შემორჩენილ ან იმ კუთხისთვის დამახასიათებელ სიტყვებს, ვწერდით სამეცნიერო მოხსენებებს ქართულ ენაში, ვმონაწილეობდით სამეცნიერო კონფერენციებში, ვხვდებოდით საყვარელ მწერლებსა თუ ღვაწლმოსილ მეცნიერებს, ვმეგობრობდით სხვადასხვა წრეში გაწევრიანებულ თანატოლებთან, გვეამაყებოდა მათი წარმატებები. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენც და მსოფლიოში ომის შეწყვეტა რომ შეეძლოთ, ის გოგონები, „მზიურელები“, ყველანი სასახლელები ვიყავით. მოკლედ, საბჭოთა საქართველოს ბავშვების თავისუფლების კუნძული პიონერთა სასახლე იყო. როგორ ვაღიარო და, პირველ უცხოელთან შეხება და ნაცნობობაც სასახლესთანაა დაკავშირებული - თუ სწორად მახსოვს, ირლანდიური ცეკვის ჯგუფი „IMAGO TILL“ სტუმრობდა თბილისს და ჩვენს სასახლეს. ენერგიული, ცეცხლოვანი კონცერტის შემდეგ ახალგაზრდა, სიმპათიურ ბიჭებს მისამართები გავუცვალეთ და რამდენიმე თვის მანძილზე ჯიუტად ვწერდით წერილებს, თუმცა, ვინ იცის, ტოვებდა კი ჩვენი გზავნილები საბჭოთა იმპერიის საზღვრებს, შეეძლოთ მათ გაფრენა რკინის ფარდის მიღმა?! ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გავიგებ...

 

ლიზი და მისი თაობა უფრო სხარტები, უფრო გონიერები, სწავლასა და პიროვნულ განვითარებაზე უფრო ორიენტირებულები აღმოჩნდნენ. ეს თაობა ათასგზის გვჯობია მშობლების, ბებია-ბაბუების თაობებს, შესაბამისად, ჩვენი პიონერთა სასახლეც, ასაკის მიუხედავად (შენობა 1937წელს გადაეცა თბილისელ ბავშვებს და ეწოდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე), ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ჰყვება თავისი ბავშვების ფეხის და გულის ხმას, ის ყოველთვის თანამედროვეა, ყოველთვის ბავშვურად გაოცებისა და სიახლეებისადმი სწრაფვის უნარითაა გამორჩეული, ხო, სასახლე, არა შენობა, არამედ ის სული, რაც ამ მრავლისმნახველი კედლების შიგნით ტრიალებს.

 

- სამი-ხუთი წელი გვჭირდება, რომ სასახლე იყოს ევროპული ტიპის არაფორმალური განათლების კერა, გარეგნულადაც და შინაარსითაც,- გვეუბნება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე, რომელმაც, ვიდრე ამ ადგილისთვის გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთვებოდა, საფუძვლიანად შეისწავლა ყველა ის საკითხი, გამოწვევა თუ ტრადიცია, რაც სასახლეს უკავშირდებოდა და შესაბამისად, მისი გამართულად მუშაობის გეგმაც წარმოადგინა გასაუბრებაზე. კულტურის დარგის მენეჯერმა, თავისი კარიერის მანძილზე რამდენიმე დიდი პროექტის ინიციატორმა და ხორცის შემსხმელმა, თავად პედაგოგმა, ზუსტად დასვა ის აქცენტები, რაც დღევანდელი სასახლის თანამედროვე ეპოქის შესაბამისად გამოწვევების აღქმაში, მიღებასა და დაძლევაში დაეხმარება იმ გუნდს, სასახლელები რომ ჰქვიათ, პედაგოგებსაც და ბავშვებსაც, - პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პრობლემები იყო თვალშისაცემი, თან, მოგეხსენებათ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უხეშად ვერ ჩაერევი. არადა, თუ იატაკი არ იქნა მყარი, კედლები არ იქნა გამაგრებული და ჭერი საიმედო, ხუთ-ექვსი ათას ბავშვს როგორ მოემსახურები?! მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დრო, ჯერ გარეგნული მხარის მოწესრიგებაზე ვიზრუნოთ და შინაარსზე ფიქრი სამომავლოდ გადავდოთ. ამიტომ ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში კეთდება კოლექტივთან ერთად - ხან მე ვარ ინიციატორი, ხან პედაგოგები და ასე შეთანხმებულად ვმუშაობთ.

 

თინათინ რუხაძე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მესამე ქალი დირექტორია, თუმცა ქალბატონი თინასთვის ეს მხოლოდ სტატისტიკაა, ის ხშირად უყურებს კონკურსში თავისი გასაუბრების ჩანაწერს, რათა არ აცდეს პროგრამას, არ გადაუხვიოს დასახული მიზნებიდან და თბილისში ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს ყოველთვის ეგულებოდეთ ადგილი, სადაც მოსვლა, საკუთარ თავზე მუშაობა, ინტერესების დაკმაყოფილება შეეძლებათ.

 

- ვიდრე აქ მოვიდოდი, გარედან ვსწავლობდი სასახლის ამბებს, როგორც გარეგნულ, ისე შინაარსობრივ მხარეს. მაგრამ ერთია გარედან დანახული და მეორე, როცა უშუალოდ ერთვები პროცესში. მოსვლისთანავე აღმოვაჩინე, რომ ახალი დაარსებული იყო საფინანსო წრე, აფლატინის კლუბი, მაგრამ ჯერ ამუშავება ვერ მოესწრო, არადა, თანამედროვე ბავშვმა უნდა იცოდეს, თავისი ასაკის განვითარების შესაბამისად, სწორად დაგეგმოს თავისი ცხოვრება. უცხოეთში ასწავლიან დროის მენეჯმენტს, საკუთარი შესაძლებლობების მენეჯმენტს, საკუთარი ბიუჯეტის შექმნას და მის მართვას, როგორ უნდა დაისახოს მიზანი და იყოს შედეგზე ორიენტირებული და ასე თამაშ-თამაშით ასწავლი შემდგომში პროექტის მართვას და იქნებ, ქვეყნის მართვასაც. ეს მიმართულება ნამდვილად სიახლეა სასახლისთვის, ისევე როგორც მაღალი ტექნოლოგიების მიმართულება - დაწყებული ელემენტარული საოფისე პროგრამების სწავლით, დამთავრებული კომპიუტერული გრაფიკით და პროგრამირებით, კომპიუტერული ინჟინერიით, არქიტექტურით და ასე შემდეგ. ეს მუდმივად განახლებადი პროცესია და ძალიან, ძალიან საინტერესო.

 

ტრადიცია ყოველთვის უნდა შეერწყას ახალს, უნდა გათანამედროვდეს. სასიამოვნოა, რომ მიმართულებების ხელმძღვანელები, პედაგოგებიც ასე ფიქრობენ. ისევ ვატარებთ სამეცნიერო კონფერენციებს, კინოფესტივალებს, კონკურსებს თუ კონცერტებს, ამ ტრადიციას ვაგრძელებთ ისევე, როგორც მოსწავლეების საქართველოს სხვადასხვა მხარეში ექსპედიციებში სიარულს. ეს ყველაფერი ძალიან ცოცხალი პროცესია. არის მიმართულებები, რაც მუდმივ განახლებას, გათანამედროვებას მოითხოვს, მაგალითად, „პიონერფილმის“ საქმიანობა, ტექნიკა ვითარდება, სტუდია, შესაბამისად, განახლებას საჭიროებს, ახლა ციფრული დაფები სჭირდებათ. მართალია, ყველაფრის რესურსი ერთბაშად არ არის, მაგრამ საამისო სახსრებს მოვიძიებთ. ვფიქრობთ, ჟურნალი „ონლაინ თაობა“, რომელიც ბეჭდური სახით რამდენიმე წელია გამოიცემა, თაობის და ჟურნალის შინაარსიდან გამომდინარე, ინტერნეტ-გამოცემად ვაქციოთ, დავაარსოთ მედია-კლუბი. ბევრი საინტერესო თემის წამოწყება შეიძლება ამ მიმართულებით და პედაგოგებსაც და ბავშვებსაც სრული თავისუფლება აქვთ.

 

სერიოზულად ვფიქრობთ აბიტურიენტებისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებას და პაკეტის შეთავაზებას. ყველას გამოგვიცდია, როგორი რთულია რეპეტიტორიდან რეპეტიტორთან სიარული. ბავშვები დილიდან გვიან საღამომდე ვერ იკვებებიან წესიერად, არადა, მათი ასაკი ჯანსაღ, რეჟიმის მიხედვით კვებას მოითხოვს, უამრავ დროს კარგავენ ტრანსპორტში. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პაკეტი თავისი ლანჩით. ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ ჩვენთან, არა მხოლოდ ფსიქოლოგიის კაბინეტში, არამედ ჩვეულებრივ, ბავშვებთან, მშობლებთან, ვისაც ამისი სურვილი აქვს. მათი იმედი მაქვს, რომ დაეხმარებიან ბავშვებს გამოცდების წინა ფორიაქის დაძლევაში. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრად გაუიოლებს ახალგაზრდებს სტუდენტობისთვის მზადების პროცესსაც და გამოცდებზეც ბევრად თავდაჯერებულები მივლენ.

 

და კიდევ, ძალიან მინდა, არა მხოლოდ რეგისტრაციის საფასურისგან, ფასიანი წრეების გადასახადისგანაც გავათავისუფლო სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები. ვფიქრობ, ამის საშუალება მოიძებნება.

 

ჩვენი პედაგოგები გამორჩეული, განსაკუთრებული ადამიანები არიან. 90-იან მძიმე, ბნელ წლებში ისინი ყოველდღიურად ჯიუტად მოდიოდნენ სასახლეში და სრული ენთუზიაზმით, მთელი მონდომებით აკმაყოფილებდნენ მოსწავლეების ინტერესებს. უპატრონობის პერიოდმა ამ ადამიანების ზურგზე გადაიარა. ბევრი მათგანი დღეს აღარაა ცოცხალი, ბევრს ღიმილით ახსენდება ის რთული წლები, როდესაც მათ არ უღალატეს არც საქმეს და არც თავიანთ ბავშვებს.

 

მომავალი წლიდან მერიის ბიუჯეტში განსაზღვრულია თანხა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის, ვიდრე რემონტი დასრულდება, ჩვენ - სასახლის ადმინისტრაცია, დირექცია, პედაგოგები - ჩვენს ყველა რესურსს ავამოქმედებთ, რათა განახლებულ შენობაში მეთოდოლოგიურადაც გამართული პროცესი წარიმართოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner