logo_geo
eng_logo
დიმიტრი გოლუბოვი მიხეილ სააკაშვილზე: რა ეგონა ქართველ დიქტატორს?!
- +

28 მაისი. 2016. 16:00


უკრაინელმა სამართალდამცავებმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში ის კაბინეტი გაჩხრიკეს, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეს თემურ ნიშნიანიძეს ეკუთვნის. ასევე მათი ინფორმაციით, ეს იმ ფონდის რეგისტრაციის მისამართია, რომელსაც ნიშნიანიძე ხელმძღვანელობს. გუბერნიის შენობაში სამართალდამცავების შესვლას ოლქის ხელმძღვანელის გაღიზიანება მოჰყვა.


უკრაინული მედია წერს, რომ საქმე სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება და ასევე გამოძიება შეისწავლის ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით არსებული ფონდის საქმიანობას.



აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატი „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან" დიმიტრი გოლუბოვი კომენტარს აკეთებს.

 

„ხალხი დაიღალა რეკეტისგან და ქართული საძმოს მოთხოვნებისგან. ქართველ დიქტატორს რა ეგონა, როდესაც მის დაქვემდებარებაში მყოფები აგზავნიდნენ წერილებს მსხვილ გადამხდელებთან, სთხოვენ მილიონობით გრინვას მათი „ობშიაკისთვის". რაზე ფიქრობდა, როცა მეომართა ფონდს სთხოვდა 8 „ჯიპს". ის ფიქრობდა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა გოლუბოვმა.

 

უკრაინულმა მედიამ და შემდეგ სააკაშვილთან დაპირისპირებულმა უკრაინის რადას დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა ამ ფონდის მიერ გადარიცხული თანხები გაასაჯაროვეს. უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ამ დოკუმენტების მიხედვით აღმოჩნდა, რომ საქველმოქმედო ფონდი აფინანსებდა ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის რეკლამებს, ასევე ნაყიდი აქვს თვითმფრინავის ბილეთები სააკაშვილის მეგობრებისთვის ზურაბ ადეიშვილის, გიორგი ლორთქიფანიძისა და სოფო ნიჟარაძისთვის.

 

ოდესის გუბერნატორის თანაშემწე და ფონდ „ოდესის კეთილდღეობისთვის" ხელმძღვანელი ბრალდებებს არ აღიარებს. რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ ჩხრეკის შედეგად მის სახლში ამოღებულ 5000 დოლარს, ის ამბობს, რომ ეს თანხა მისი დანაზოგია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner