logo_geo
eng_logo
პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
- +

3 მაისი. 2019. 11:01

 

საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგება, ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღია იქნება, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურება.

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ კონკრეტულ ფაქტებთან და გამოწვევებთან ერთად, ვახტანგ გომელაური რისკებთან დაკავშირებით უფრო მეტ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას მიაწვდის დეპუტატებს.

 

„ვფიქრობ და ვხედავ საჭიროებას, რომ პარლამენტის წევრები იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არის მთელი რიგი აქტუალური საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებს სჭირდებათ ობიექტური ინფორმაცია. შესაბამისად მე მიმაჩნია, რომ თუკი ამ ინფორმაციის მიღების სურვილი გვაქვს, ის აუცილებლად დახურულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ, რამდენადაც შეიცავს მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ ეს ყველაფერი სამსჯელოა სესიის ფარგლებში. მე ასევე ვიცი, რომ ბატონ გომელაურს მოაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა გააცნოს ჩვენს კოლეგებს კონკრეტულს საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ვახტანგ გომელაურის მოსმენის ფორმატი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ღია უნდა იყოს კითხვა-პასუხის ნაწილიც. ოპოზიციის წევრებს ვახტანგ გომელაურთან კითხვები აქვთ საზღვრების დემარკაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

 

„გომელაურთან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს, მათ შორის ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას ემუქრება რუსეთიდან. ჩვენ საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგვრჩა ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ასევე გვექნება შეკითხვები იმ სავარაუდოდ შიდა უწყებრივ დაპირისპირებაზე, რომელიც არსებობს ხელისუფლებაში და რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს მოვისმინოთ განმარტებები. ასევე გვაინტერესებს პასუხები შეკითხვაზე, რაც უკავშირდება მაჩალიკაშვილის მკვლელობას ამავე კონტექსტში, რადგან ეს გამოუძიებელი მკვლელობა არის მათ შორის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არსებობს პანკისის ხეობაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ვახტანგ გომელაურს საქართველოს პარლამენტში 12:00 საათზე ელოდებიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner